Thumbnail

წყალბურთი | დინამო თბილისი მსოფლიო გრანდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 4 თებერვალი | ⌚ 18:30 | 🤽‍♂ დინამო თბ. V პრო რეკო | 📺 პირველი არხი
  • ქართულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი აქვს გამართული და 7-ვე წაგებული

დინამო თბილისის წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩისთვის ემზადება. მე-8 ტურში, ქართული გუნდი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, იტალიურ პრო რეკოს დაუპირისპირდება. მატჩი 4 თებერვალს, თბილისში, ოლიმპიკის აუზზე გაიმართება და 18:30 საათზე დაიწყება.

დინამო მოახლოებული მატჩისთვის აქტიურად ემზადება. აქამდე ქართულ გუნდს შვიდი მატჩი აქვს გამართული და სამწუხაროდ, შვიდივეში დამარცხდა. ბოლოს, თბილისურმა გუნდმა იტალიაში ითამაშა სწორედ პრო რეკოსთან და დიდი ანგარიშით, 9:24 წააგო. აქვე აღვნიშნოთ, რომ იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 8-გზის გამარჯვებულია, შიდა ჩემპიონატი კი 33-ჯერ აქვს მოგებული. თბილისურ შეხვედრაში ფავორიტი პრო რეკოა, თუმცა ქართველი წყალბურთელები ბოლომდე ბრძოლას აპირებენ და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

რევაზ იმნაიშვილი (დინამო თბილისი): “განვლილი ევროპის ჩემპიონატი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად ძალიან დამღლელი იყო ჩვენთვის, მაგრამ მთლიანობაში მაინც დადებითად და პოზიტიურად დამთავრდა. ევროპის 10 საუკეთესო გუნდში შევედით, თუმცა ისიც ვიცი, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვეძლო. მთავარია, რომ წინ მივიწევთ. ვუბრუნდებით ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას. 4 თებერვალს, ძალიან რთული მატჩი გვაქვს და სწორედ ასეთ დროს გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ვხვდებით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ პრო რეკოს, რომელიც ბოლო წლების წარუმატებლობის მიუხედავად, ყოველთვის ფავორიტია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. პატივს ვცემთ ტიტულებს და ისტორიას, მაგრამ წყალში ყველა თანასწორია და მთელი ძალით ვიბრძოლებთ წარმატების მისაღწევად. გულშემატკივართა მხარდაჭერაა საჭირო და გთხოვთ ყველას, რომ მობრძანდეთ აუზზე”.

რევაზ იმნაიშვილის მიმართვა გულშემატკივრებს. 4 თებერვალს, 18 : 30, მოდი ოლიმპიკზე ! 👉🏻 ბილეთები http://tkt.ge/DinamoProRecco

Posted by WPC Dinamo Tbilisi on კვირა, 02 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები