Thumbnail
  • მინო რაიოლამ მარიო ბალოტელი შეაქო.
  • მისი აზრით, იტალიელი მსოფლიოს 10 საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა.

მინო რაიოლა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტია და, დიდი ალბათობით, ყველაზე მდიდარიცაა. მას უდიდესი ძალაუფლება აქვს. რაიოლა თავის კლიენტებს ყოველთვის საუკეთესო ეპითეტებით ამკობს. უახლესი მაგალითი მარიო ბალოტელია, რომელსაც ზაფხულში ნიცასთან კონტრაქტი უმთავრდება და, შესაბამისად, მისი გადაბირება ნებისმიერ კლუბს უფასოდ შეეძლება.

კლუბი, რომელთანაც ბალოტელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ვალდებული იქნება, იტალიელს შესაბამისი თანხა გადაუხადოს, საიდანაც რაიოლას თავისი წილი ექნება. ამიტომაცაა, რომ მან ბალოტელის ქებით ცაში ასაყვანად მოიცალა.

“მარიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ვფიქრობ, ის ულაპარაკოდ საუკეთესოა იტალიელ ფორვარდებს შორის და უფრო მეტიც: ბალოტელი პლანეტის 10 საუკეთესო ცენტრფორვარდს შორისაა,” - განაცხადა რაიოლამ RAI-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, ბალოტელის ინგლისური და იტალიური ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან. სერია A-ს გუნდებიდან საუბარია ინტერზე, ნაპოლიზე, რომასა და თვით იუვენტუსზეც. ტოპ-კლუბები, დიდი ალბათობით, სერიოზულად ფიქრობენ ბალოტელიზე, რადგან ნიცასთვის ფულის გადახდა არ მოუწევთ და მხოლოდ თავად მარიოს (და, შესაბამისად, მინო რაიოლას) ფინანსური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ.

“ბოლოდროინდელი ტრანსფერების ღირებულებებს თუ გავითვალისწინებთ, მარიო ბალოტელი 100 მილიონი ევრო მაინც ღირს და როცა ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება უფასოდ შეგიძლია, ეს საჩუქარია!” - ამბობს რაიოლა.

არის თუ არა ბალოტელის ფასი 100 მილიონი ევრო, ამაზე კომენტარის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია, ფაქტი კი ის არის, რომ მარიო ნიცაში, ლუსიენ ფავრის ხელმძღვანელობით საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. საფრანგეთის ჩემპიონატის 19 მატჩში 27 წლის ბალოტელიმ 13 გოლი გაიტანა, ევროპალიგაში კი, მის ანგარიშზე 6 გოლია.

► პუტინ, სად ხარ? მარიო ბალოტელი რუსეთის პრეზიდენტს ეძებს

კომენტარები

ბოლო ამბები