Thumbnail

თამაში, რომელშიც დრონის პილოტი გახდებით და ირანსა და ავღანეთს დაბომბავთ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Airman Challenge-ში მოთამაშე დრონის პილოტის როლს ირგებს
  • მოთამაშის მიზანია ირანსა და ავღანეთში, სამხედრო ბაზებზე გამაგრებული ''მოწინააღმდეგეების'' დაბომბვა
  • თამაშის გამო ა.შ.შ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების დეპარტამენტი კრიტიკის ობიექტი გახდა

შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების დეპარტამენტმა, მომავალი სამხედროების გასაწვრთნელად ახალი მეთოდი შეიმუშავა: რეალისტური ვიდეო თამაში, რომელშიც მოთამაშე დრონის პილოტის როლს ირგებს. თამაში სულ 16 მისიისგან შედგება და იგი გაწვდის ინფორმაციას წარსულ ოპერაციებზე და საშუალებას გაძლევს, თავად გამოსცადო ისინი სიმულაციაში. მოთამაშის მისიაა ირანსა და ავღანეთში, სამხედრო ბაზებზე გამაგრებული ''მოწინააღმდეგეების'' დაბომბვა. თამაშის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე ჩნდება ფანჯარა, რომელიც სამხედრო-საჰაერო შეიარაღებულ ძალებში დასაქმებას სთავაზობს მოთამაშეს.

თამაში Airman Challenge, მოთამაშეს გმირობის განცდას უქმნის და ომს რომანტიზებული სახით წარმოაჩენს. მისი ვიზუალი და კონტროლები კი მაქსიმალურად მიახლოვებულია რეალობასთან.

თამაშმა დიდი ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია: ბევრი მას ამორალურსაც კი უწოდებდა. ტომ სეკერი, ჟურნალისტი, რომელიც პოპ-კულტურაზე სამხედრო პროპაგანდის გავლენას იკვლევს, აცხადებს:

''დრონების თამაში არასწორი და ავადმყოფი გონების ადამიანის შექმნილია. თუმცა, მეორე მხრივ, დრონის პილოტები, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ სადღაც, უსაფრთხო ბუნკერიდან ხალხის ხოცვა ვიდეოთამაშს აგონებთ, რადგან მათი ქმედებების შედეგებთან თვალის გასწორება არ უწევთ. ამ მხრივ, თამაში რეალობას ნამდვილად შეესაბამება და კარგად აჩვენებს, როგორი საშინელი ცხოვრება აქვთ დრონის პილოტებს.''

მიუხედავად იმისა, რომ დრონის პილოტობა სამხედრო სამსახურებს შორის ყველაზე უსაფრთხოა, ამ პოზიციაზე პერსონალის შერჩება ყველაზე რთულია. სტეფან ლუისმა, რომელიც 2005-2010 წლებში, ა.შ.შ-ს სამხედრო ძალებში დრონის პილოტად მსახურობდა, აღნიშნა რომ ეს საშინელი სამსახური დღესაც მძიმედ აწევს სინდისზე.

''ხალხს ჩვენი საქმე ვიდეოთამაშის მსგავსი ჰგონია. თუმცა, ვიდეოთამაშში, თუ რამე შეგეშლება, თავიდან იწყებ. აქ კი, როცა ბომბს სადმე დაუმიზნებ და გაუშვებ, უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. იოლია, დაგავიწყდეს, რომ შენს ხელში რეალური ადამიანების სიცოცხლეა. ახალი თამაში კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.'' 

 ა.შ.შ-ს შეიარაღებული ძალების კაპიტანი, ბრაიან სტენლი, რომელიც კალიფორნიის ერთ-ერთი სამხედრო ბაზისათვის ახალწვეულების შერჩევას აწარმოებდა, ამბობს:

''ახლანდელმა ბავშვებმა უფრო მეტი იციან ომზე ვიდრე ჩვენ. ეს სულ ვიდეო თამაშების წყალობითაა.''

 ვიდეო თამაშების უშველებელი ინდუსტრია სავსეა ჰიპერ-რეალისტური თამაშებით, რომლებიც ომის თემას ეხება, მაგალითად, Call of Duty, WWII, რომელმაც 500 მილიონი თამაში გაყიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები