Thumbnail
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპი დაძლია
  • ავთანდილ ასათიანის, რონინიოსა და ლევან კობიაშვილის კომენტარები 

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია. ავთანდილ ასათიანის შეგირდება F ჯგუფის ბოლო მატჩში კოსოვოს მოუგეს (6:1), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საგზური პირდაპირ მოიპოვეს.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, კოსოვოსთან გამართული მატჩის შემდეგ, კომენტარები ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, ნაკრების წევრმა რონინიომ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი: "აშკარად ჩანს, რომ ერთი თავით მაღლა ვართ იმ გუნდებზე, რომლებიც აქ იყვნენ წარმოდგენილნი. უკვე მერამდენე შესარჩევია, პირველი ადგილით გავდივართ. მსურს, მადლობა ვუთხრა ბიჭებს, რომ ის დავალება შესრულდა, რაც გვქონდა - 9 ქულით გასვლა. ნამდვილად არ გვსურდა პლეი ოფის თამაში და ზედმეტი ნერვიულობა. მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის. მთავარი ბრძოლები წინ არის!" 

რონინიო (საქართველოს ნაკრების მოთამაშე): "პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივარს, რომ მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. ძალიან მიხარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ძალიან მიყვარს საქართველო, დიდი ხანია აქ ვთამაშობ და ეს წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "მინდა ეს წარმატება ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო. მივულოცო ნაკრების ყველა მოთამაშეს, რომლებმაც მიგვაჩვიეს წარმატებებს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ შესარჩევში ფავორიტები ვიყავით, მაგრამ მისი მოგება საჭირო იყო და მიხარია, რომ ძალიან ღირსეულად დავასრულეთ გამოსვლა.  

გამოჩნდა, რომ ის გზა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, ნამდვილად სწორია და როგორც ყოველთვის ვამბობდი, ფუტსალს ჩვენს ქვეყანაში დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის მოტივაცია იმისთვის, რომ ფუტსალისთვის უფრო მეტი გავაკეთოთ".

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში გაიმართება და მასში კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად კი 32 ნაკრები, მათ შორის საქართველო, მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე იბრძოლებს. ამ ეტაპის წილისყრა 2020 წლის 14 მაისს ნიონში ჩატარდება, მატჩები კი 2021 წლის თებერვალში, აპრილსა და სექტემბერში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები