Thumbnail
  • NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი 16 თებერვალს, ჩიკაგოში გაიმართება
  • კობის ხსოვნის პატივსაცემად, წელს მატჩი ახალი ფორმატით ჩატარდება
  • მატჩის მონაწილე გუნდები საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაეხმარებიან

კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით, NBA-მ 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის ფორმატი შეცვალა. ამის შესახებ ასოციაციის ოფიციალური საიტი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდების დაპირისპირება 16 თებერვალს, ჩიკაგოში გაიმართება. გადაწყდა, რომ თითოეული გუნდი წინასწარ აირჩევს საქველმოქმედო ორგანიზაციას და მას ყველა ვარსკვლავის მატჩში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გამომუშავებულ თანხას გადაურიცხავს. ცნობილია, რომ პერიოდის მოგებისთვის გუნდი 100 ათას დოლარს მიიღებს, მატჩის მოგებისთვის კი - 200 ათასს.

რაც შეეხება ყველა ვარსკვლავის მატჩის ფორმატს, პირველი სამი მეოთხედის სათამაშო დრო, ტრადიციულად, 12-წუთიანი იქნება და გამარჯვებული თითოეულში გამოვლინდება, რათა 100 ათასი დოლარით დაჯილდოვდეს. სამი მეოთხედის ჩამთავრების შემდეგ, განისაზღვრება საბოლოო ანგარიშის ზღვარი, სადამდეც გუნდები ბოლო, მეოთხე მეოთხედში ითამაშებენ. სამი მეოთხედის ჯამში ლიდერი გუნდის ანგარიშს დაემატება 24 (ნომერი, რომლითაც თავის დროზე კობი ბრაიანტი თამაშობდა) და მატჩის საბოლოო გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელიც ამ ზღვარს პირველი მიაღწევს. 

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუკი  სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიში 100:90 იქნება, მეოთხე მეოთხედში თამაში იქამდე გაგრძელდება, სანამ რომელიმე გუნდი 124 ქულას არ მოაგროვებს. ბუნებრივია, მატჩის საბოლოო გამარჯვებულად 124-ქულიან ნიშნულზე პირველად მისული გუნდი გამოცხადდება.

რაც შეეხება საქველმოქმედო აქციისთვის გათვალისწინებულ საპრიზო თანხებს, თუკი ერთი გუნდი პირველ სამ მეოთხედსაც მოიგებს და მატჩსაც, ჯამში 500 ათას დოლარს მიიღებს, დამარცხებულისთვის კი ბონუსად 100 ათასი დოლარია გათვალისწინებული.

კობი ბრაიანტი 41 წლის იყო. 26 იანვარს, ის, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი, ქალაქ კალაბასასთან (კალიფორნია) შვეულმფრინის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

📋 მეტი ამ თემაზე:

კობი ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. ლეგანდარული კალათბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში (1996-2016 წლებში) ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად 5-ჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა, ორჯერ - ფინალური სერიის MVP. კობი 18-ჯერ მონაწილეობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

კომენტარები

ბოლო ამბები