Thumbnail
  • კარლეს პერესი იტალიურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით წავიდა
  • რომას ესპანელის 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება აქვს 

ბარსელონას შემტევი კარლეს პერესი კარიერას რომაში გააგრძელებს. იტალიურმა კლუბმა 21 წლის ესპანელი ფეხბურთელი იჯარით სეზონის ბოლომდე დაიმატა, რაც მილიონი ევრო დაუჯდა.

იუწყებიან, რომ რომასა და ბარსელონას შორის დადებულ საიჯარო შეთანხმებაში გათვალისწინებულია კარლეს პერესის 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება, რასაც შესაძლებელია, კიდევ 4.5 მილიონ ევრომდე ოდენობის ბონუსებიც დაემატოს. ოღონდ, პერესის გამოსყიდვა სავალდებულო იმ შემთხვევაში გახდება, თუკი რომაული კლუბი და ფეხბურთელი კონკრეტულ სპორტულ შედეგებს მიაღწევენ.

კარლესმა ბარსას მთავარ გუნდში ამ სეზონში 2 გოლი შეაგდო

თუკი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა შესრულდება და ესპანელი რომას საკუთრება გახდება, "ჯალოროსი" მას კონტრაქტს 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმებს.

და კიდევ, თუ შემდგომში რომა კარლეს პერესის გაყიდვას გადაწყვეტს, ხოლო ბარსელონა მის უკან დაბრუნებას მოინდომებს, კატალონიურ კლუბს ტრანსფერზე პრიორიტეტული უფლება ექნება.

ესპანელმა ფონსეკას გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა

კარლეს პერესმა ბარსელონას მთავარ გუნდში 2019/20 წლების სეზონში ყველა ტურნირის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი.

მარჯვენა გარემარბის ამპლუაში მოთამაშე ფეხბურთელს  ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. 

სერია A-ში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ, პაულო ფონსეკას გუნდს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს რომაელები ჩემპიონატში 1-ელ თებერვალს, სტუმრად სასუოლოსთან ჩაატარებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები