Thumbnail

‘სამუდამოდ შევიცვალეთ!’ - ლეიკერსის ემოციური პოსტები კობი ბრაიანტის ტრაგედიაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეიკერსი კობი ბრაიანტის ტრაგედიას ოფიციალურად გამოეხმაურა
  • კლუბმა ტვიტერში ემოციური პოსტები გაავრცელა

სოციალურ ქსელ ‘ტვიტერში’ ლოს ანჯელეს ლეიკერსმა გაავრცელა პოსტები, რომლებითაც კლუბი კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვას ეხმაურება.

ლეგენდარული კალათბურთელი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 26 იანვარს გარდაიცვალა, მასთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის ქალიშვილი ჯინა და კიდევ 7 ადამიანია. ტრაგედიის შემდეგ ლეიკერსს მხოლოდ ერთი პოსტი ჰქონდა გამოქვეყნებული, რომელიც კლიპერსთან მატჩის გადადებას იუწყებოდა. ახლა კი, ლეიკერსი ოფიციალურად გამოეხმაურა კობის ტრაგედიას.

“კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის, ჯინას დაკარგვით გამოფიტულები ვართ და სამუდამოდ შევიცვალეთ. გამოვხატავთ სიყვარულს და თანაგრძნობას ვანესას, ბრაიანტის ოჯახისა და სხვა მგზავრების ოჯახების მიმართ.

შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცეთ, რამდენად ბევრს ნიშნავდა კობი ჩვენთვის, ანუ ლეიკერსისთვის, ჩვენი ფანებისთვის და ჩვენი ქალაქისთვის. ის იყო უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ დიდი კალათბურთელი, ის იყო საყვარელი მამა, ქმარი და მეგობარი. მათი სიყვარული სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.” - ვკითხულობთ ლეიკერსის პოსტებში.

კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი, ბევრისთვის კი უსაყვარლესი კალათბურთელი იყო, რომელიც ლეიკერსში 1996-დან 2016 წლამდე თამაშობდა. თავის 20-წლიან შეუდარებელ კარიერაში მან 18-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ლეიკერსთან ერთად იზეიმა 5 ჩემპიონობა და აშშ-ის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიგო ოლიმპიური ოქრო (2008, 2012).

მთელი კარიერის მანძილზე მან NBA-ში 33 643 ქულა ჩააგდო და ყველა დროის ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა. მას ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ ახლა, კვირას, ანუ ტრაგედიის დღეს გადაასწრო.

კალათბურთში უდიდესი მიღწევების გარდა, ბრაიანტს ოსკარიც აქვს. მისი “ძვირფასო კალათბურთო” 2018 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გახდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები