Thumbnail

'ეს მხოლოდ დასაწყისია' - საბურთალომ ახალი ლეგიონერები წარადგინა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჯულიოს ბლეიკი, ჟარდელ როდრიგეს ნაზარე და ჟეროენ ლუმუ საბურთალოში
  • თბილისური კლუბის ხელმძღვანელები ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებენ

საბურთალო ახალი სეზონისთვის ემზადება. თბილისური გუნდი ახალი ფეხბურთელებით ძლიერდება და მათ შორის არიან ლეგიონერები. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ 3 ახალი ლეგიონერი წარადგინეს.

ჯულიუს ბლეიკის სახით საბურთალომ გამოცდილი მცველი დაიმატა, რომელსაც ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხნივაც. ბლეიკი ბოლოს ჰოლანდიური იგლზის ღირსებას იცავდა. კიდევ ერთი ჰოლანდიელი ახალწვეული ჟეროენ ლუმუა, რომელიც 2012 წელს 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. ლუმუმ კარიერა ვილემ II-ში დაიწყო, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი ლუდოგორეცში ჰქონდა, სადაც ბულგარეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

ჟარდელ როდრიგეს ნაზარე, ჟეროენ ლუმუ და ჯულიუს ბლეიკი
📸 | საბურთალო

კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი პორტუგალიელი ჟარდელ როდრიგეს ნაზარეა, 25 წლის მარცხენა მცველი, რომელიც ბოლოს პორტუგალიის მეორე ლიგის გუნდ ოლეიროსში თამაშობდა, ერთადერთი ტიტული ლიეტუვურ სტუმბრასში მოიგო, სადაც ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. 

ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბურთალოს პრეზიდენტი): “წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან დავიწყეთ ფეხბურთელების მოზიდვა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ასეთი დონის ფეხბურთელები აამაღლებენ ქართული ფეხბურთის დონეს. სამივე მოთამაშესთან 1+1 სისტემის კონტრაქტი გავაფორმეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კმაყოფილები დავრჩით თანამშრომლობით, მინიმუმ ორი წელი ჩვენთან იქნებიან. გვაქვს მოლაპარაკება კიდევ ერთ ჰოლანდიელთან, შესაძლოა გამოჩნდეს ვარიანტები ესპანეთიდან. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით.

კახა კაშია, ტარიელ ხეჩიკაშვილი და კახა მგელაძე
📸 | საბურთალო

კახა კაშია (საბურთალოს აღმასრულებელი დირექტორი): “დღეს, ახალ ლეგიონერებს წარვადგენთ, რომლებსაც წარმატებული კარიერა ჰქონდათ. ისინი შეირჩნენ გია ცეცაძის მიერ. მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელებს არ ჰქონოდათ წყვეტა კარიერაში და შესაბამისად, არ ჰქონოდათ პრობლემები ფორმასთან დაკავშირებით. აქვე ვიტყვი, რომ საბურთალო შეკრებას გაივლის ესპანეთში, სადაც გუნდი 4 ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ორი მატჩი რუსულ გუნდებთან შედგება: მოსკოვის ცსკა-სთან და სანკტ პეტერბურგის ზენიტთან. ერთი შეხვედრა ავსტრიის უმაღლესი ლიგის გუნდთან გაიმართება, ერთი კი ესპანეთის ქვედა ლიგის წარმომადგენელთან".

'ჩვენი მიზანი საქართველოში ტიტულების მოგებაა'

ჯულიუს ბლეიკი (საბურთალო): “მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ საქართველოში ვარ და კარიერის ახალ ეტაპს ვიწყებ. დიდი მოლოდინი მაქვს და მინდა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო საბურთალოსთან ერთად. საქართველოში ტიტულების მოგებაა ჩვენი მიზანი, ევროპაში კი წარმატებით გამოსვლა”.რა თქმა უნდა, ევროპალიგაზე თამაშის პერსპექტივა ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო”.

ჟარდელ როდრიგეს ნაზარე (საბურთალო): “კარიერაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ვეცდები საბურთალოში თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო. ჩემი მიზანია ახალ გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგო, რისი მოგებაც შეიძლება. ეს ეხება საქართველოს ჩემპიონატს, თასს და სუპერთასს. ბუნებრივია, ევროპალიგაზეც კარგად უნდა ვიასპარეზოთ და გავახაროთ გულშემატკივარი”.

ჟეროენ ლუმუ (საბურთალო): “მადლობა კლუბს გამოცხადებული ნდობისთვის. 2018 წელს, საბურთალომ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი თასიც აღმართა. ამბიციური გუნდია და ეს იყო მთავარი მოტივაცია, როდესაც აქ გადმოვედი. უნდა ვიბრძოლოთ ყველა ქართული ტიტულის მოსაგებად და ასევე, წარმატებით ვითამაშოთ ევროასპარეზზე”.

კომენტარები

ბოლო ამბები