Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის თავკაცმა საბას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
  • იური სიომინის თქმით, 27 წლის ქართველი მცველი დღეს უკვე 100%-ით იხარჯება

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება. რუსულმა გუნდმა ზამთრის პირველი შეკრება ესპანეთში ჩაატარა, 31 იანვარს კი ყატარში გაემგზავრება, სადაც მატჩ პრემიერის თასზე ითამაშებს.

საბა კვერკველია ამჟამად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც კვერკველიას ტრავმასა და ჯანმრთელობის მდგომაროებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველმა მცველმა, რომელსაც გაზაფხულიდან მოყოლებული, ტრავმა აწუხებდა, 2019/20 წლების სეზონში საკლუბო დონეზე სულ 3 მატჩში ითამაშა - რუსეთის თასზე, რუსეთის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. მედიაში გამოთქვა კიდეც ვარაუდი, რომ შესაძლოა კვერკველია ლოკომოტივს დაშორებოდა.

ლოკომოტივის თავკაცის თქმით, ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა

"კვერკველიამ ფიზიკური კონდიციები აღიდგინა. მას ძალიან იშვიათი ტრავმა ჰქონდა, ასეთი რამ პირველად ვნახე. ეს იყო კანჭის ტყუპი კუნთის დაჭიმულობა. მაგრამ ცუდი უკვე წარსულში დარჩა. ახლა საბა 100 პროცენტით მუშაობს. დაიბრუნებს თუ არა ადგილს შემადგენლობაში? ყველაფერი მასზეა დამოკიდებული", - განაცხადა სიომინმა.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, მოსკოვის ლოკომოტივს 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ჩემპიონატს კვერკველიას გუნდი 29 თებერვალს, სანკტ პეტერბურგში ზენიტთან მატჩით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები