Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 115:106 ჩიკაგო ბულსი
  • გოგა ბითაძემ 15 წუთი ითამაშა და 10 ქულა ჩააგდო
  • ვიქტორ ოლადიპო უმნიშვნელოვანესი სამიანით დაბრუნდა

11 იანვრის შემდეგ გოგა ბითაძეს NBA-ში 15 წუთი არ უთამაშია, მინიმუმ 10 ქულა კი ერთ თამაშში ბოლოს 7 ნოემბერს დააგროვა (ვაშინგტონთან, 13).

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის ჰაილაითები ჩიკაგოსთან

ინდიანა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ჩიკაგოსთან შეხვედრაში 20 წლის ქართველი ცენტრი 15 წუთი და 7 წამი ათამაშა. ამ დროში გოგამ 10 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. მას 1 დაფარება და 3 დაკარგვა ჰქონდა და ოთხივე მოხსნა დაცვაში გააკეთა. გოგამ 9-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 5 სროლა ზუსტი იყო. 3-ქულიანის ჩაგდების მცდელობა კი ერთი ჰქონდა და უშედეგო (ჯარიმები არ უსვრია). საბოლოო ჯამში მას +/- კოეფიციენტი -7 გამოუვიდა.

ინდიანამ ჩიკაგო ოვერტაიმში, 115:106 დაამარცხა (მატჩის ძირითადი დრო 100:100 დასრულდა). თამაშის ყველაზე პროდუქტიული კალათბურთელი ტი ჯეი უორენი გახლდათ - 25 ქულით. დომანტას საბონისმა 15 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პეისერსს ვიქტორ ოლადიპო დაუბრუნდა, რომელმაც 21 წუთში 9 ქულა და 4 პასი დააგროვა.

მუხლის ტრავმის გამო, რომელიც შარშან, იანვარში მიიღო, ოლადიპოს რეგულარული სეზონის ზედიზედ 82 მატჩი ჰქონდა გამოტოვებული. ინდიანაპოლისის პუბლიკა მას უდიდესი ოვაციებით შეხვდა. 2018 წლის ოლ-სტარის მონაწილემ პეისერსის რთულ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თავიდან არც ინდიანას გამოსდიოდა ბევრი რამ და არც ოლადიპოს - მან 21 წუთში, 8 სროლიდან მხოლოდ 2 ჩააგდო (1/7 სამიანი). თუმცა მისი ერთი სროლა, რომელიც 3-ქულიანი გახლდათ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ამ ჩაგდებით გაათანაბრა ინდიანამ ანგარიში საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე და სწორედ ამ სამიანით გადავიდა თამაში ოვერტაიმში, სადაც უკვე მალკოლმ ბროგდონი შევიდა მთავარ როლში და ინდიანას 15 ქულიდან 7 მის ანგარიშზეა. ამრიგად, ბროგდონმა ოვერტაიმში უფრო მეტი ქულა მოიპოვა, ვიდრე ჩიკაგომ მთლიანად. ჯამში, მან 15 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა დააგროვა.

📺 ვიდეო: ვიქტორ ოლადიპოს დებიუტი

დღის გმირი კი მაინც ფაქტობრივად ოლადიპო გახლდათ, რომელიც თამაშის წინ, დარბაზში კობი ბრაიანტის ოლ-სტარ-მაისურით შევიდა. “უბრალოდ ვისროლე. Mamba Mentality. ეს კობის ეძღვნება! ასევე ჯიჯის და ყველას, ვინც იმ საშინელ დღეს დაიღუპა,” - განაცხადა ოლადიპომ.

📺 ვიდეო: ინდიანა 115:106 ჩიკაგო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები