Thumbnail

დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს - მისგან მედლებს ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ მოჭიდავეს თებერვალში ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ
  • ის სერბეთის ნაკრებთან ერთად გასული წლის მაისიდან ემზადება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის პასპორტი მიიღო და თებერვალში (10-16), იტალიის დედაქალაქ რომში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. აღნიშნული თავად მოჭიდავემ დაუდასტურა სააგენტო On.ge-ს, პირველად კი ამის შესახებ ინფორმაცია Recorder-მა გაავრცელა.

წყაროდ სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჟელკო ტრაიკოვიჩია მოყვანილი. მისი თქმით, სერბეთის ეროვნული ნაკრებისთვის ევროპირველობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ერთგვარი რეპეტიცია იქნება, დათუნაშვილისგან კი ქვეყანა ჯერ – ლიცენზიას, შემდეგ კი ოლიმპიურ მედალს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავე სერბეთის ნაკრებთან ერთად ჯერ კიდევ გასული წლის მაისიდან ემზადებოდა და იმედი ჰქონდა, რომ სექტემბერში ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია. მაშინ ზურაბმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა.

კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო, ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა”.

ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა დაპირისპირებამ სათავე გასული წლის დასაწყისში, კერძოდ კი, 11 იანვარს აიღო, როდესაც თბილისის სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა.

ზურაბ დათუნაშვილის და რობერტ კობლიაშვილის ფინალური შეხვედრის მიწურულს ინციდენტი მოხდა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, დათუნაშვილს კი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე  ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტადაც დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები