Thumbnail

მსოფლიო თასის წილისყრა – როგორია ბორჯღალოსნების შანსები?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მოწინავე 3 კალათა უკვე დაკომპლექტებულია
  • ბევრი რამ ნოემბრის ტესტებზე იქნება დამოკიდებული

2023 წლის სარაგბო მსოფლიო თასის წილისყრა მიმდინარე წლის ნოემბერში, საშემოდგომო ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ შედგება.

აღნიშნული თამაშები მნიშვნელოვანი იმითაა, რომ წილისყრის პროცედურისას ნაკრებები კალათებში იმ დროისთვის არსებული რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან.

2019 წლის მსოფლიოს თასის საუკეთესო 12 გუნდი მომავალ ტურნირზე უკვე გასულია და მათ მოწინავე 3 კალათი აქვთ შევსებული.

კალათა 1: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი;
კალათა 2: ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია;
კალათა 3: შოტლანდია, არგენტინა, ფიჯი, იტალია.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე გასასვლელად მოახლოებულ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში სჭირდება (იგულისხმება პირველი ან მეორე ადგილის დაკავება).

ამას გარდაც, ქართველ მორაგბეებს საკმაოდ დატვირთული წელი ელით. ივლისში ისინი სამხრეთ აფრიკას ესტუმრებიან და მსოფლიოს ჩემპიონებთან ტესტს ჩაატარებენ, ბლუ ბულსთანა და სამხრეთ აფრიკა A-სთან მატჩებს კი სარეიტინგო სახე არ ექნება.

ცნობილია ისიც, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები სტუმრად საფრანგეთს ეთამაშება, შემდეგ კი, სავარაუდოდ კიდევ ორ მატჩს (არსებული ინფორმაციით, ფიჯისთან, ტონგასთან ან სამოასთან) ჩაატარებს.

ამ დროისთვის, ბორჯღალოსნებს მსოფლიოს რეიტინგში 71.26 ქულა აქვთ და მე-14 ადგილზე იმყოფებიან. თუკი საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით თამაშსა და მსოფლიო თასზე გასვლას მოახერხებს, დიდი ალბათობით, მე-4 კალათაში მოხვდება.

2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება, ბილეთების რეალიზაცია კი უკვე 2021 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს.

კომენტარები

ბოლო ამბები