Thumbnail
  • დომინიკ ტიმი 7:6 (7:3), 7:6 (7:4), 4:6, 7:6 (8:6)
  • 1/2 ფინალში ტიმი ალექსანდერ ზვერევს შეხვდება

2020 წლის დიდი სლემის პირველ ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ბოლო 1/4 ფინალში მე-5 ნომრად განთესილმა ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა ტურნირის პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი 4 სეტში დაამარცხა - 7:6 (7:3), 7:6 (7:4), 4:6, 7:6 (8:6). მატჩში, რომელიც 4 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, სამი ტაი ბრეიკი გაიმართა და სამივე ავსტრიელის გამარჯვებით დასრულდა.

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში დომინიკ ტიმი გერმანელ ალექსანდერ ზვერევს (7) ხვდება, რომელმაც 1:6, 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა სტენ ვავრინკა. 

მსოფლიოს პირველ ჩოგანს იმედი ჰქონდა, რომ ავსტრალიაში როჯერ ფედერერის რეკორდს გაიმეორებდა - დიდი სლემის 20 ტიტული ერთეულებში. 

ბოლო სეტში ვითარება დაიძაბა, ტიმმა ბევრი ინერვიულა 5:4-ზე და კინაღამ თამაშიც შემოატრიალებინა ნადალს, თუმცა ტაი ბრეიკში მაინც ავსტრიელმა იმარჯვა იმის მიუხედავად, რომ ესპანელმა ორი მატჩ პოინტი მოიგერია. 

დომინიკ ტიმი: "ვფიქრობ, მთელი მატჩი ძალიან კარგ დონეზე ჩავატარე. ორივე კარგ ფორმაში ვართ. ამან ორი წლის წინანდელი ეპიკური მატჩი გამახსენა ნიუ იორკში. 

ჩემი აზრით, ერთი-ორჯერ გამიამრთლა კიდევაც, ბადე ჩემს მხარეს იყო. ნადალი ჩოგბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდაა და გამართლების გარეშე მისი დამარცხება შეუძლებელია".

კომენტარები

ბოლო ამბები