Thumbnail

‘მივხვდი, რაღაც დიდი უბედურება მოხდა’ – ბარკლი კობის ტრაგედიაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ტელეფონში 75 გამოტოვებული ზარი და 100 შეტყობინება დამხვდა’
  • ჩარლზ ბარკლიმ კობი ბრაიანტი მის ერთ-ერთ შვილად მოიხსენია

NBA-ს დიდების დარბაზის წევრი და TNT-ს ექსპერტი ჩარლზ ბარკლი კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს გამოეხმაურა. ბარკლიმ ის წუთები გაიხსენა, როდესაც ლეიკერსის ექს-ვარსკვლავის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შეიტყო.

“კინოთეატრში ვიყავი და ფილმ “ჯენტლმენებს” ვუყურებდი. ეს დაახლოებით 11:30 საათზე დაიწყო... ტელეფონი უბრალოდ არ ჩერდებოდა, თუმცა, კინოში ზარებს არასდროს ვპასუხობ, ამიტომ, ის უბრალოდ გამოსართავად ამოვიღე.

ვიფიქრე: “რა ხდება? ვინ მირეკავს ამდენს?”. ტელეფონს რომ დავხედე, 75 გამოტოვებული ზარი და 100 შეტყობინება იყო. ვიფიქრე, ალბათ, NBA-ში რაღაც დიდი გაცვლა მოხდა-თქო.

ინტერესის გულისთვის, შეტყობინებების ნახვა დავიწყე, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა – “დაიღუპა”, “მოკვდა”, “დაიღუპა”, “მოკვდა”... მივხვდი, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდა.

შემდეგ CNN-ზე შევედი და უბრალოდ, ტირილი დავიწყე. არ მოვიტყუები, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. კობისთან რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ნამდვილად არ მქონია, თუმცა, ის იმ ორგანიზაციის წევრი იყო, რომელსაც ათეულობით წელი დავუთმე. ის ჩემი ერთ-ერთი შვილი იყო”.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა 26 იანვარს, კალიფორნიაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათ გარდა ბორტზე კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ვერავინ გადარჩა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები