Thumbnail

Atari კომპიუტერული თამაშების თემატურ სასტუმროების ქსელს გახსნის

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Atari-ს სასტუმროები ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის სისტემებით იქნება აღჭურვილი
  • პირველი სასტუმრო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში, 2020 წლის მიწურულს გაიხსნება
  • სასტუმროები ელ. სპორტის ტურნირებსაც უმასპინძლებს

კომპიუტერული თამაშები, დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ვირტუალური გართობის სფეროს და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ სულ მალე, გეიმერებს შეეძლებათ, საკუთარი გატაცების თემატურ სასტუმროშიც კი დაისვენონ: გასულ ორშაბათს, ვიდეოთამაშების გიგანტი კომპანია Atari დაგვპირდა, რომ თამაშების თემაზე დაფუძნებული სასტუმროების ქსელს გახსნის. კომპანიამ პრეს რელიზით დაადასტურა, რომ მათი ახალი პროექტი Atari Hotels უკვე წარმოებაშია. პირველი სასტუმრო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში, 2020 წლის მიწურულს გაიხსნება.

შესაძლოა, ეს იდეა ზოგს ცოტა უცნაურად ეჩვენოს, თუმცა, Atari-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს, კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია საოცარი სისწრაფით ვითარდება და კომპიუტერული თამაშების თემაზე სასტუმრო მომგებიანი პროექტი იქნება. 

Atari-ს ლეგენდარული თამაში Pong-ის თანამედროვე, სამაგიდო ვერსია

''ჩვენ გვსურს, სასტუმროების ახალი კონცეფცია შევიმუშაოთ, რომელიც მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი არ იქნება.'' აღნიშნავს Atari-ს CEO ფრედ ჩესნაისი განცხადებაში. ''Atari ლეგენდარული გლობალური ბრენდია, რომელიც ყველა ასაკისა და წარმომავლობის გეიმერს უყვარს. მოუთმენლად ველოდებით იმ მომენტს, როცა კომპიუტერული თამაშების მოყვარულები შეძლებენ, ოჯახებთან ერთად დაისვენონ და გაერთონ ჩვენ ახალ სასტუმროებში.''

პრეს რელიზის თანახმად, Atari-ს ახალი სასტუმრო ''სრულიად განსხვავებული გამოცდილება'' იქნება, რომელიც ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის სისტემებით იქნება აღჭურვილი.

კომპანია სასტუმროების აშენებას შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ოსტინში, დენვერში, ლას ვეგასში, სან ფრანცისკოში, სიეტლში და სხვა ლოკაციებზეც გეგმავს. სასტუმროები ასევე აღჭურვილი იქნება საკმარისად დიდი დარბაზებით, საიმისოდ, რომ მომავალში ელ. სპორტის თამაშებს უმასპინძლოს.

კომპანია Atari 1972 წელს დაარსდა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა. ისინი არიან ისეთი ლეგენდარული თამაშების ავტორებიცაა როგორიცაა ''პონგი'' ''ასტეროიდები'' და სხვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები