Thumbnail
  • 📅 1 თებერვალი | ⌚ 18:00 | 🏉 საქართველო V რუმინეთი
  • ენდი რობინსონმა ბორჯღალოსნებთან მატჩზე ისაუბრა

რუმინეთის სარაგბო ნაკრები, რომელიც 1 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო ტურში ბორჯღალოსნებს უნდა შეხვდეს, უკვე საქართველოშია.

“მუხის ფოთლებმა” (“სტეჟარი”) პრინციპული მატჩისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყეს და 2 კვირა თურქეთის კურორტ ანტალიაში გაატარეს, ბოლო 1 კვირა კი, მარტყოფში იმყოფებიან და დასკვნით წვრთნებს საქართველოს რაგბის კავშირის კუთვნილ ბაზაზე გადიან.

აღსანიშნავია, რომ რუმინელების მიერ დასახელებულ თავდაპირველ 32-კაციან შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოხდა.

საწვრთნელ პროცესში ტრავმები მიიღეს ვლადუტ ჰაზარიამა და დამიან სტრატილამ, რომლებიც ანდრეი რადოიმა და კოსმინ ილიუცამ შეცვალეს.

ფლორინ ვლაიკუ მარტყოფში ვარჯიშისას

ნაკრებს გამოაკლდნენ მარიუს ანტონესკუ, იონელ ბადიუ და ალექსანდრუ გორდაში. ისინი საკლუბო მატჩებისას დაშავდნენ.

საქართველოსთან მატჩში პირადი პრობლემების გამო ვერ ითამაშებს გამოცდილი ფლანკერი მიხაი მაკოვეი.

სამაგიეროდ, ეროვნულ გუნდში უხმეს ალექსანდრუ ბურკეას (ბაია მარე), ალექსანდრუ თარუსს (ძებრე), ტეილორ გონტინეაკს (კლერმონი), ადრიან მოტოსა (აჟენი) და ნიკოლას ონუტუს (ვიენა).

მომავალი მატჩი განსაკუთრებული იქნება ინგლისელი ენდი რობინსონისთვის, რომელიც “მუხის ფოთლების” ახალი დამრიგებელია და ამჟამინდელ თანამდებობაზე პირველ მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მწვრთნელი 2004-06 წლებში ინგლისის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, 2009-12 წლებში – შოტლანდიას, კარპატებში გადაბარგებამდე კი, ინგლისურ ბრისტოლს ავარჯიშებდა.

რობინსონმა ბორჯღალოსნებთან მატჩის მნიშვნელობაზე რუმინეთის რაგბის კავშირის პრესსამსახურთან ისაუბრა.

“საქართველოსთან ურთულეს შეხვედრას ველი. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც ბოლო წლებია მუდმივად ვითარდება. მომავალ მატჩს იმედიანად ვუყურებთ და იმედი გვაქვს, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოედანზე ერთ გუნდად შეკრულნი წარვსდგეთ. კარგი იქნება, თუკი იმ ყველაფერს, რაც საწვრთნელი პროცესის დროს დეტალურად გავიარეთ, მოედანზე გადავიტანთ.

საჭიროა, რომ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში დაბალანსებული თამაში ვაჩვენოთ და დისციპლინამ არ დაგვაღალატოს.

ვიცი, რომ თბილისში თამაში ყოველთვის სასიამოვნოა და ეს, ჩვენთვის თავის გამოჩენის მორიგი კარგი შანსი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩი 1 თებერვალს, 18:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი და მას დინამო არენა უმასპინძლებს.

1998 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებსა და “მუხის ფოთლებს” 23-ჯერ უთამაშიათ (10 შინ, 11 სტუმრად და 2 ნეიტრალურ მოედანზე), საიდანაც ქართველებს 13 შეხვედრა აქვთ მოგებული, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

2002 წლიდან დღემდე, ჩვენსა და “სტეჟარს“ შორის ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი თამაშდება (მსოფლიო თასს მიღმა), რომელიც ბორჯღალოსნებს 12-ჯერ აქვთ მოპოვებული.

რუმინეთის რაგბის ნაკრები საქართველოში

ბურჯები: იულიან ჰარტიგი (ბაია მარე), კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ჰორაციუ პუნგეა (ტიმიშოარა-სარასენსი), კოზმინ მანოლე (დინამო), ალექსანდრუ თარუსი (ზებრე, იტალია);

კვაჭები: ოვიდიუ კოჟოკარუ (ბაია მარე), ეუგენ კაპატანა (ტიმიშოარა-სარასენსი), ტუდორ ბუტნარიუ (სტიაუა);

მეორე ხაზი: იონუტ მურესანი (ტიმიშოარა-სარასენსი), იოჰან ვან ჰერდენი (დინამო), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა-სარასენსი), ადრიან მოტო (აჟენი, საფრანგეთი);

მესამე ხაზი: კრისტი ჩირიკა (ბაია მარე), ვლად ნეკულაუ (ტიმიშოარა-სარასენსი), დრაგოს სერი (სტიაუა), ადრიან იონ (ტომიტანი), კამილ სობოტა (ტომიტანი);

9: გაბრიელ რუპანუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო);

10: ტუდორ ბოლდორი (სტიაუა), დანიელ პლაი (სტიაუა);

11-14: რობერტ ნეაგუ (სტიაუა), მარიუს სიმიონესკუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ნიკოლას ონუტუ (ვიენი, საფრანგეთი), იონუც დუმიტრუ (სტიაუა);

ცენტრები: ვლადუ პოპა (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ალექსანდრუ ბურკეა (ბაია მარე), ტეილორ გონტინეაკი (კლერმონი, საფრანგეთი);

15: პაულ პოპოაია (ბაია მარე), იონელ მელინტე (ტიმიშოარა-სარასენსი).

კომენტარები

ბოლო ამბები