Thumbnail

სევილია სუსოს შეუთანხმდა - მილანს 20 მილიონი ევროს მიღება სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის ესპანელი სამშობლოში გადაბარგებასთან ახლოსაა
  • სევილიას მილანის ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს
  • ამჟამად კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

სევილია მილანის ესპანელ ნახევარმცველს სუსოს შეუთანხმდა. La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე შეათანხმეს და სავარაუდოდ, სევილია 26 წლის ფეხბურთელს იჯარით აიყვანს.

ამჟამად იტალიურ და ესპანურ კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. მილანი ითხოვს, რომ იჯარაში გათვალისწინებული იყოს სუსოს არანაკლებ 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ოპცია, ანგარიშსწორება კი უკვე 2021 წლის ზაფხულში მოხდეს.

სევილიას სურს, რომ ოპცია მას შემდეგ ამოქმედდეს, რაც ფეხბურთელი 15 მატჩს ჩაატარებს. მილანი მატჩების რაოდენობის 10-მდე დაკლებას ითხოვს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სუსომ თავად მოსთხოვა მილანს ტრანსფერზე დაყენება. ფეხბურთელით ისეთი კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორიც არის: ვალენსია, რომა, ხეტაფე და მადრიდის ატლეტიკო.

სტეფანო პიოლის ესპანელი გარემარბი აღარ სჭირდება

სუსო იტალიაში ლივერპულიდან 2015 წელს აღმოჩნდა. მანამდე იჯარით მან ალმერიაშიც ითამაშა, მილანელებს კი ცოტა ხნით ჯენოაშიც ჰყავდათ განათხოვრებული.

მიმდინარე სეზონში სუსომ მილანის მაისურით ყველა ტურნირის 17 მატჩში ითამაშა და 1 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ესპანელს როსონერისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, Transfermarkt კი მას 30 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები