Thumbnail

კობი ბრაიანტი დაიღუპა! ლეგენდა პირადი შვეულმფრენით ჩამოვარდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტრაგედია კალიფორნიის დროით დილის 10 საათზე მოხდა
  • კობი ბრაიანტის შვეულმფრენი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა

საზარელი ამბავი ამერიკიდან რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა: კალათბურთის უდიდესი ლეგენდა, კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

UPDATE: ამერიკული მედიის ინფორმაციით, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კალიფორნიის შტატში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. პოლიციამ 9 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. მათ შორის იყო კობის 13 წლის ქალიშვილიც. ბრაიანტის მეუღლე ვანესა შვეულფრენში არ იმყოფებოდა.

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

ტრაგედია ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა. პოლიციის განმარტებით, კობის შვეულმფრენი ნისლიან ამინდში, კალაბასასის (კალიფორნია) მთებში ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. 'ლოს ანჯელეს თაიმსის' ინფორმაციით, შვეულმფრენის ჩამოვარდნამ ხანძარი გააჩინა, რის გამოც სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისვლა გაუჭირდა.

კობი ბრაიანტი აქტიური სპორტული კარიერის დროსაც ცნობილი იყო იმით, რომ შვეულმფრენით დაფრინავდა ნიუპორტ ბიჩიდან ლოს ანჯელესის 'სტეიპლს ცენტრში', სადაც ლეიკერსის ფორმით კარიეის საუკეთესო წლები (1996-2016) გაატარა.

იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, ან თუ არ იცით, ახლა გაიგოთ, ვინ იყო კობი ბრაიანტი და რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მას კალათბურთის ისტორიაში, პოპსპორტის ეს სტატია უნდა წაიკითხოთ: კობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია (7.03.2019) 

წაიკითხეკობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი, ბევრისთვის კი უსაყვარლესი კალათბურთელი იყო. თავის 20-წლიან შეუდარებელ კარიერაში მან 18-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ლეიკერსთან ერთად იზეიმა 5 ჩემპიონობა და აშშ-ის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიგო ოლიმპიური ოქრო (2008, 2012).

კობიმ აქტიური სპორტული კარიერა 2016 წელს დაასრულა. მთელი კარიერის მანძილზე მან NBA-ში 33 643 ქულა ჩააგდო და ყველა დროის ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა. მას ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ ახლა, კვირას დილით გადაასწრო. კობი ბრაიანტმა მას ეს მიღწევა ტვიტერზე მიულოცა და ამის შესახებ კვირას დილით ვწერდით.

“აგრძელებს თამაშის წინსვლას. დიდი პატივისცემა ჩემგან, ჩემო ძმაო” - ამ სიტყვებით მიმართა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე კობიმ ლებრონს.

კალათბურთში უდიდესი მიღწევების გარდა, ბრაიანტს ოსკარიც აქვს. მისი “ძვირფასო კალათბურთო” 2018 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გახდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კობი ბრაიანტთან ერთად მისი ქალიშვილი, 13 წლის ჯანაც დაიღუპა. კობი ბრაიანტს დარჩა მეუღლე ვანესა და 3 ქალიშვილი: ნატალია, ბიანკა და კაპრი, რომელიც ახლახან, 2019 წლის ივნისში დაიბადა და ჯერ 1 წლისაც არაა.

📺 LIVE: შემთხვევის ადგილიდან

 

კომენტარები

ბოლო ამბები