Thumbnail

პაუ ლოპესის საოცარი შეცდომა - დიდი ბრძოლა და ფრე რომაულ დერბიში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რომა 1:1 ლაციო
  • გოლები: 1:0 ჯეკო (26), 1:1 აჩერბი (34)

როგორც მოსალოდნელი იყო, რომაული დერბი ძალიან დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. გარდა იმისა, რომ ისტორიული მეტოქეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მატჩს სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ლაციომ კი თუ ტემპი არ დააგდო, სკუდეტოსაც შეიძლება დაუმიზნოს.

მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც კონკურენტებისთვის უფრო ხელსაყრელი შედეგია, ვიდრე რომაული გუნდებისთვის. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივე მეკარის უხეშ შეცდომას მოჰყვა. 26-ე წუთზე, ლაციოს მეკარე ტომას სტრაკოშა გამოსვლაზე შეცდა და ედინ ჯეკოს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, რომას მეკარე პაუ ლოპესმა წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა და ფრანჩესკო აჩერბის არაფრისგან გაატანინა გოლი. ამ ეპიზოდში, კრის სმოლინგსაც უკეთ შეეძლო თამაში.

მეორე ტაიმში, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გოლი აღარ გასულა და გუნდებმა თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში. ლაციოს 46 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა სატურნირო ცხრილში, რომას კი 39 ქულით მეოთხე ადგილი უკავია. ჯერჯერობით, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები