Thumbnail
  • ანდრეა ანიელიმ და სტეფენ როსმა ახალი ტურნირის კონცეფცია წარადგინეს
  • იუვენტუსის პრეზიდენტი და ამერიკელი მილიარდერი ზაფხულის ტურნირს გეგმავენ
  • Champions League on Tour აშშ-ში უნდა ჩატარდეს

მწვრთნელები და ფეხბურთელები ხშირად საფეხბურთო კალენდარს ხშირად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ოფიციალური მატჩების რაოდენობის მატება ფეხბურთს და მოთამაშეებს ავნებს. მიუხედავად ამისა, მაინც იქმნება ახალი კონცეფციები და იწერება ახალი გეგმები - ახალი ტურნირებისთვის.

იუვეს და ECA-ს პრეზიდენტი ანდრეა ანიელი

გერმანული გამოცემის, ‘ბილდ ამ ზონთაგის’ ინფორმაციით, ერთ-ერთი უახლესი გეგმა ე.წ. Champions League on Tour-ის ჩატარებაა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ეს ანდრეა ანიელის და სტეფენ როსის იდეაა. ანიელი ტურინის იუვენტუსის და ევროპის ტოპ-კლუბების გაერთიანება ECA-ს პრეზიდენტია, ხოლო როსი კი ამერიკელი მილიარდერი გახლავთ.

Champions League on Tour უნდა იყოს ტურნირი, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასს ჩაანაცვლებს. როგორც იცით, ეს ტურნირი ზაფხულში, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ტარდება ხოლმე. ICC-ს სწორედ როსის ფირმა RSE ატარებს - 2013 წლიდან.

ახალი გეგმის მიხედვით, Champions League on Tour-ში, რომელიც აშშ-ში გაიმართება, 16-მა კლუბმა უნდა ითამაშოს და ტურნირის ფორმატი სრულიად ახალი იქნება. როგორც ირკვევა, ანიელიმ და როსმა ახალი ტურნირის კონცეფციის პრეზენტაცია 14 იანვარს, პარიზში გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მანჩესტერ იუნაიტედის, პარი სენ-ჟერმენის, ლივერპულის და სხვა ტოპ-კლუბების ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნისა და დორტმუნდის ბორუსიას შეფები პრეზენტაციაზე არ ჩავიდნენ. ცნობილია, რომ გერმანელები დამატებითი ტურნირების წინააღმდეგი არიან.

Champions League on Tour-ის შესაძლო ჩატარება პრობლემა იქნება ფიფასთვის - კონკრეტულად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო, რომელიც ასევე ახალი ფორმატით უნდა ჩატარდეს. საკლუბო მუნდიალი 2021 წლიდან ჩინეთში უნდა გაიმართოს და მასში 24-მა კლუბმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს ორი ტურნირი ერთმანეთის კონკურენტია. შეგახსენებთ, რომ 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის რეფორმაც იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები