Thumbnail

ატალანტა მხოლოდ სიტის ჩამორჩება! ისტორიული 7:0-ის შემდეგ ბერგამო ეიფორიაშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ატალანტამ სერია A-ში ისტორიული გამარჯვება იზეიმა
  • ბერგამოელებმა ტორინო 7:0 გაანადგურეს
  • გასპერინი ვალენსიასთან მატჩებზე ჯერ არ ფიქრობს

მიუხედავად იმისა, რომ ბერგამოს ატალანტა კარგი გუნდია, ტორინო კი არცისე, ეს შედეგი მაინც ძალიან სენსაციურია და ისტორიას დარჩება: ჯანპიერო გასპერინის გუნდმა ტურინული კლუბი მისსავე ‘ოლიმპიკოზე’ 7:0 გაანადგურა.

📌 ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ ატალანტას სერია A-ში ყველაზე მეტი, 57 გოლი (21 თამაშში) აქვს გატანილი. შედარებისთვის: იუვენტუსს 39 გოლი აქვს. 

📌 უფრო მეტიც: ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ატალანტაზე მეტი გოლი მხოლოდ მანჩესტერ სიტის აქვს გატანილი - 65. ოღონდ, გვარდიოლას გუნდს ატალანტაზე 3-ით მეტი მატჩიც აქვს ჩატარებული (24).

📌 ატალანტამ არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო სერია A-ს მატჩი 7-ბურთიანი უპირატესობით - ამის შესახებ OptaPaolo წერს. ტორინომ კი, თავის მხრივ პირველად წააგო 7 ბურთით.

📌 21 ტურის შემდეგ ატალანტას 38 ქულა აქვს და სერია A-ს ცხრილში მე-5 ადგილზეა. 

გასპერინი: ახლა ლიდერები ვიქნებოდით

“ყოველთვის ასე რომ ვთამაშობდეთ, ახლა ლიდერები ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ხანდახან ფორმაში არ ვართ ხოლმე და სწორედ მაშინ ვკარგავთ ქულებს. თუმცა ზოგჯერ საჩემპიონო თამაშს ვაჩვენებთ. სიმართლე გითხრათ, აჯობებდა, მურიელს ინტერთან შეხვედრაში გამოეყენებინა პენალტი და არა დღეს. ილიჩიჩი, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ახლა დუვან საპატაც დაგვიბრუნდა და აშკარად კარგ ფორმაშია.” - განაცხადა მატჩის შემდეგ გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ ბერგამოს ატალანტა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც ვალენსიას უნდა დაუპირისპირდეს. აი, რას ფიქრობს ბერგამოელთა მწვრთნელი: “ვალენსიასთან თამაშზე აქამდე სერიოზულად არ გვიფიქრია. ესპანურ კლუბსაც ჰქონდა აღმასვლაც და ჩავარდნებიც, ახლა კი ბარსელონას მოუგეს. შესაბამისად, ცხადია, რომ მათთან ძალიან რთული თამაშები გველის. თუმცა, მანამდე სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს და პირველ რიგში ამაზე უნდა ვიფიქროთ,” - განუცხადა გასპერინმ DAZN-ს.

📺 ვიდეო: ტორინო 0:7 ატალანტა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები