Thumbnail
  • ფილადელფია სიქსერსი 108:91 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის ბომბარდირებში უკვე მესამეა
  • ფილამ ლეიკერსი ჯოელ ემბიიდის გარეშე დაამარცხა

მატჩის მესამე პერიოდი მიმდინარეობდა და მეოთხედის დასრულებამდე 7:23 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ლებრონ ჯეიმსმა ფილადელფიასთან თამაშში თავისი მე-17 და მე-18 ქულები აიღო. ეს ლებრონის კარიერაში 33 643-ე და 33 644-ე ქულები გახლდათ, რითაც მან ყველა დროის ბომბარდირებში კობი ბრაიანტს (33 643) გადაასწრო და ახლა უკვე მესამე ადგილზეა მათ შორის, ვისაც NBA-ში ოდესმე უთამაშია. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მომდევნო ტაიმაუტის დროს Wells Fargo Center-ში ლებრონს დიდი აპლოდისმენტები მიუძღვნეს.

ლებრონზე წინ ქულებით ახლა მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი (პირველი ადგილი, 38 387 ქულა) და კარლ მელოუნი (36 928 ქულა) არიან!

არადა, ჯეიმსისთვის თამაში არცისე კარგად დაიწყო. ბურთის პირველივე დაუფლებისას მას ფილადელფიას ახალბედამ, მატის თაიბულმა აჯობა და ბურთი წაართვა. და საერთოდ: პირველ მეოთხედში ლებრონს 4 დაკარგვა ჰქონდა, მთლიანად ლეიკერსს კი - 9. მიუხედავად იმისა, რომ ფილას ტრავმის გამო ჯოელ ემბიიდი და ჯოშ რიჩარდსონი არ ჰყავს, სიქსერსმა შეძლო და ლეიკერსთან საკმაოდ ადრე მოიპოვა ორციფრიანი უპირატესობა.

ლებრონ ჯეიმსი და ბენ სიმონსი

ეს იმის დამსახურებაა, რომ ფილადელფია პირველ ტაიმში თავს შესანიშნავად იცავდა, შეტევაში კი კარგად აგდებდა (50 პროცენტი, 25-დან 9 სამიანი). ლოს ანჯელესელებს კი ‘დაუნთაუნიდან’  თითქმის არაფერი გამოსდიოდათ (2/14). შესაბამისად, სიქსერსმა ტაიმი 59:50 მოიგო.

ლეიკერსისთვის მდგომარეობა არც დიდი პაუზის შემდეგ გამოსწორებულა - პირიქით! ფილადელფიამ მეორე ტაიმის დასაწყისში 15:2 გაქცევა მოახერხა, რამაც +22 მოუტანა! თუმცა მერე იყო ლებრონის ის ქულები, რაზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ და ამ ფაქტმა ლეიკერსს ახალი ენერგია შემატა. მეოთხე პერიოდის შუაში პირადად ლებრონის ორმა ჩატენვამ სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, მერე კი კენტავიუს კოლდუელ-პოუპმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 88:93 გახდა! თუმცა ფილადელფიამ მალე მაინც დაიბრუნა გადამწყვეტი უპირატესობა - 11:0 გაქცევით.

📋 მეტი ამ თემაზე:

ლებრონმა საბოლოოდ 29 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. ლეიკერსიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ - 31 ქულით. ფილადელფიას დომინანტი ბენ სიმონსი იყო - 28 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი. ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა ტობიას ჰარისსაც - 29 ქულა და 8 მოხსნა. თაიბული დაცვაში თამაშით გამოირჩა - მის ანგარიშზე 5 ჩაჭრაა.

📺 ვიდეო: ბენ სიმონსის თამაში ლეიკერსთან

კომენტარები

ბოლო ამბები