Thumbnail
  • 📅 25 იანვარი | ⌚ 19:00 | ⚽ ვალენსია V ბარსელონა  | 📺 SILK სპორტი HD1
  • ალბერტ სელადესისა და კიკე სეტიენის კომენტარები

კიკე სეტიენის ბარსელონა ლა ლიგის ლიდერის რანგში ჩადის ვალენსიაში, "მესტალიაზე" სათამაშოდ - ეს ერნესტო ვალვერდეს ნაცვლად კატალონიურ გრანდში მისული 61 წლის სპეციალისტის პირველი სერიოზული გამოცდაა...

აქვე ვიტყვით, რომ კიკე სეტიენმა უკვე ორი მატჩი მოაგებინა ბარსას, მაგრამ გუნდმა ვერც დამაჯერებელი და ვერც სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა - შინ გრანადასთან ლეო მესის ბრწყინვალე გოლის წყალობით გაიმარჯვა, რომელიც არგენტინელმა თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაიტანა. მერე იყო კოპა დელ რეის 1/16 ფინალი, რომელშიც ბარსა კინაღამ შერცხვა დაბალი ლიგის იბიცასთან, 20 წუთზე ცოტა ნაკლები იყო დარჩენილი, როცა ბარსამ ბალეარის კუნძულებზე გაათანაბრა. ანტუან გრიზმანმა სეტიენი უხერხულობისგან იხსნა, მანვე მე-4 კომპენსირებულ წუთზე ბარსას 2:1 მოაგებინა. 

რითი გამოირჩა ამ თამაშებში ბარსელონა? პირველ რიგში, ბურთის ფლობის ენით აუწერელი პროცენტით (გრანადასთან 82%, იბიცასთან 78%). რას უნდა ველოდოთ ამ თამაშისგან? - პირველ რიგში, ბარსელონა "კამპ ნოუზე" თუ არ თამაშობს, არც ისე ძლიერია - 10 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო. 

როდრიგოს დილემა

ვალენსიას ფორვარდი როდრიგო ახლახან გამოჯანმრთელდა და შესაძლოა, მან ბარსელონასთან ითამაშოს და... ბარსელონაში გადავიდეს ამ სეზონში ლუის სუარესის შესაცვლელად. 

პარეხოს გარეშე

ვალენსიას კაპიტანი და ლიდერი დანი პარეხო წინა ტურში გააძევეს და ის დისკვალიფიცირებულია. დანის გარეშე ამ სეზონში ვალენსიას ჯერ არ უთამაშია და, ვნახოთ, რა იქნება - თუ კოკლენისა და კონდოგბიას დუეტი დადგება, ამით "ღამურებს" შეტევაში კრეატივი მოაკლდებათ, მაგრამ გუნდი საიმედოდ გადაკეტავს ცენტრალურ ზონას. 

ამით ვალენსიას საკადრო პრობლემები არ ამოიწურა - არ იქნება კიდევ ერთი ლიდერი გონსალო გედეში და მარჯვენა მცველი კრისტიანო პიჩინი. იასპერ სილესენის თამაშიც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ბარსელონას ლუის სუარესი და უსმან დემბელე აკლია. 

ალბერტ სელადესი

ალბერტ სელადესი (ვალენსიას მწვრთნელი): როდრიგო მატჩის განაცხადშია, ის თავს კარგად გრძნობს და თამაშს შეძლებს. თუმცა გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. ფანები მოუთმენლად ელიან ამ თამაშს და იმედი მაქვს, რომ მათ გავახარებთ. 

ძნელია ბარსელონასთან თამაში, მათ ძალიან ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ, რესურსი ამოუწურავია. დანი პარეხოს შეცვლა ძალიან ძნელია, რადგან ის უნიკალური მოთამაშეა. მან ყველა მატჩში, ყველა წუთში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ფაქტია, მოგვიწევს მის გარეშე თამაში. 

კიკე სეტიენი

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "ვალენსია დიდი გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. იმედია, გამოვიყენებთ იმ სივრცეებს, რომლებიც აუცილებლად გაჩნდება - ბოლო შედეგების გამო, ვალენსიას შესატევი აქვს.

ყოველი თამაში განსხვავებულია, იბიცასთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ გუნდმა კარგად ვერ ითამაშა. ბევრ ასპექტში მოსამატაბელი გვაქვს. 

რას ვიტყვი როდრიგო მორენოზე? მე მიყვარს კარგი ფეხბურთელები, როდრიგო ასეთია. ის ვალენსიას მნიშვნელოვანი ნაწილია და, ვფიქრობ, ნებისმიერ მაღალ დონის გუნდში ითამაშებს. ჩვენთვის აჯობებს, თუ ის ვერ შეძლებს შაბათს თამაშს. თუმცა, ვალენსიას სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს. 

არ ვაპირებ მოტყუებას, იბიცასთან მაგრად შემეშინდა. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, მატჩის მნიშვნელობა, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს. ფეხბურთელებს ავუხსენი, რომ ყოველ მატჩს ვერ მოვიგებთ პირველივე წუთებში. გრიზმანი "ცხრიანის" პოზიციაზე? ეს ერთი ვარიანტია".

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - ფ. ტორესი, კოკლენი, კონდოგბია, სოლერი - მაქსი გომესი, როდრიგო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - ფატი, მესი, გრიზმანი

საინტერესო ფაქტები

⚽ ვალენსიამ ლა ლიგის 10 საშინაო მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო ბარსელონამ სტუმრად ათ მატჩში - 15.

⚽ ვალენსიასა და ბარსელონას ბოლო 31 მატჩიდან 28-ში კატალონიელებს არ წაუგიათ (ყველა შეჯიბრება). 

⚽ ვალენსიას "მესტალიაზე" ლა ლიგაში 11 თამაშია, რაც არ წაუგია. 

⚽ ვალენსიასა და ბარსელონას ბოლო 7 "მესტალიური" მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა (ყველა შეჯიბრება).

⚽ ბარსელონა ლა ლიგაში 9 ტურია, რაც დაუმარცხებელია.

⚽ ამ გუნდების ბოლო სამ დაპირისპირებაში (ყველა შეჯიბრება) ვალენსიას მინიმუმ, 2 გოლი გააქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები