Thumbnail
  • საქართველო 8:9 გერმანია | 3:2, 2:0, 2:3, 1:4
  • გოლები: ვაპენსკი (2), იმნაიშვილი, ცრეპულია, ბაღათურია, რურუა, ბითაძე

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა კონტინენტის პირველობაზე მე-10 ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო შედეგია ქართული წყალბურთის ისტორიაში.

მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და 8:9 დამარცხდა. არადა, მესამე პერიოდში იყო მომენტი, როცა რევაზ ჩომახიძის გუნდი 7:3-ს იგებდა და წესით, თამაში გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა. სამწუხაროდ, მატჩის ბოლო ნაწილი გერმანელთა უპირატესობით წარიმართა.

პირველი მეოთხედი 3:2 მორჩა ქართველი წყალბურთელების სასარგებლოდ. ორი გოლი ვაპენსკიმ გაიტანა, ერთი კი იმნაიშვილმა. შესვენებაზე რევაზ ჩომახიძის გუნდი 5:2-ს იგებდა, გოლები კი ცრეპულიამ და ბაღათურიამ მიითვალეს აქტივში.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და სხვაობა 4 ბურთამდეც კი გაიზარდა (7:3), მაგრამ შემდეგ გერმანელებმა შეუტიეს აქტიურად და დაძაბეს ვითარება, 7:5.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე

ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, როდესაც ეფექტური კომბინაცია ანდრია ბითაძემ დაასრულა, გერმანელთა აქტივში კი 4 გოლია. შედეგად, რევაზ ჩომახიძის გუნდმა 8:9 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს საუკეთესო შედეგია ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა თუ გავიხსენებთ დრამატულ მატჩს რუსეთთან და დასანან მარცხს გერმანიასთან, მეტიც შეიძლებოდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში საფრანგეთს მოუგო და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. 1/8 ფინალში რევაზ ჩომახიძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა რუსეთთან და 13:14 წააგო. შედეგად, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება და ამ გზაზე ჯერ თურქეთს მოუგო, შემდეგ კი გერმანიასთან დამარცხდა.

📺 ვიდეო: საქართველო 8:9 გერმანია (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები