Thumbnail
  • ლივერპულმა პრემიერლიგაში ზედიზედ მე-14 თამაში მოიგო
  • ვულვზთან მატჩის გმირი რობერტო ფირმინო გახდა
  • იურგენ კლოპი ჩემპიონობაზე ჯერ მაინც არ ლაპარაკობს

ლივერპულის ფანტასტიკური სეზონი გრძელდება! იურგენ კლოპის გუნდს ვულვერჰემპტონთან რობერტო ფირმინომ მოაგებინა (2:1) და მერსისაიდელებმა ამ გამარჯვებით ნანატრი ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. ბრაზილიელმა გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე გაიტანა.

“ასეთ სიტუაციებში უნდა იპოვო გზა, რომ თამაში მოიგო და უნდა გყავდეს ვინმე, ვინც სრულყოფილ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს ეს როლი ისევ ‘ბობიმ’ იტვირთა,” - განაცხადა კლოპმა მატჩის შემდეგ და ფირმინო შეაქო.

ლივერპულმა რობერტო ფირმინოს გოლით მოიგო

ლივერპულისთვის ეს პრემიერლიგაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება გახლდათ. ამ მოგების შემდეგ კლოპის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 16 ქულით უსწრებს და აღსანიშნავია, რომ ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. ზოგადად, ლივერპულს პრემიერლიგაში უკვე 40-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ბევრს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი უკვე ნიშნავს იმას, რომ ლივერპულის ჩემპიონობა გარდაუვალია, მაგრამ თავად მერსისაიდელთა გერმანელ მწვრთნელს ასეთი ფორმულირება ძალიან არ მოსწონს: “როცა ეს მესმის, ლამისაა გული ამერიოს. ხომ შეიძლება, 6 თამაში წავაგოთ?” - ამბობს კლოპი.

ვულვზთან თამაშში ლივერპულისთვის ერთი სამწუხარო მომენტიც იყო: ტოპ-ვარსკვლავმა სადიო მანემ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და 33-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. კლოპმა მის ნაცვლად მოედანზე ახალწვეული ტაკუმი მინამინო შეუშვა.

ანგარიში ჰენდერსონმა გახსნა

“ძალიან სამწუხაროა, რომ მანემ თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. იმედია, სერიოზული არაფერია,” - აღნიშნა კლოპმა.

კვირას, კლოპის შეგირდებს მორიგი მატჩი ელით: ლივერპული ასოციაციის თასის მე-4 რაუნდში მესამელიგელ შრიუსბერის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები