Thumbnail

მე-8 მარცხი ჰაცუ ბაშოზე – ტოჩინოშინს წოდებაში დაქვეითება ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი უარყოფით ბალანსს ვეღარ გადაურჩება
  • ტოჩინოშინს იანვრის სუპერტურნირზე 2 ბრძოლაღა დარჩა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა 2020 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგ უარყოფით ბალანსსა (მაკე-კოში) და წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

დღეს, დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულის მქონე ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ ოძეკი გოეიდოს გაეჯიბრა და იორიკირით წააგო.

ქართველი სეკიტორი სუსტად გამოიყურებოდა. იაპონელმა მებრძოლმა თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და ლევანი დოჰიოდან წამებში გაიყვანა.

საინტერესოა, რომ ტოჩინოშინი და გოეიდო ერთმანეთს უკვე 29-ედ გაეჯიბრნენ და აზიელმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა. მის აქტივში უკვე 19 გამარჯვებაა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს დასასრულამდე 2 დღე რჩება, ამდენად, მაქსიმუმი, რაც ქართველ სუმოისტს შეუძლია, მინიმალურ უარყოფით ბალანსზე გასვლაა. ამ შემთხვევაში, მისი უკუსვლა შედარებით მცირე იქნება.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის პირველი სეკივაკე ტაკაიასუ იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 8:12-ს აგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები