Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მეკარე ანორთოსისში ანანიძის ტრანსფერს გამოეხმაურა
  • 33 წლის გოლკიპერმა კვიპროსულ გუნდსა და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა

სულ ახლახან კვიპროსულ ანორთოსისს, რომელსაც თემურ ქეცბაია და სოსო ჭედია წვრთნიან, ჯანო ანანიძეც შეუერთდა, რომელიც ამ გუნდის მეხუთე ქართველი ლეგიონერი გახდა გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავას, თორნიკე ოქრიაშვილისა და ბუბა დაუშვილის შემდეგ.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრებისა და ანორთოსისის მეკარე გიორგი ლორიამ რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ჯანოს ტრანსფერზე, კვიპროსული გუნდის ქართულ ლეგიონსა და საქართველოს ნაკრებზეც ელაპარაკა.

გიორგი ლორია ანორთოსისში შარშან ზაფხულში გადავიდა

ჯანო ანანიძის ტრანსფერზე

"მე და ჩემი თანაგუნდელები ძალიან გაგვახარა ანორთოსისში ასეთი კვალიფიციური ფეხბურთელის მოსვლამ. ჯანოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ - 2010 თუ 2011 წლიდან, როდესაც საქართველოს ნაკრებში გამოგვიძახეს.

რომ არა ტრამვები, ჯანო სპარტაკში უფრო ხშირად და შედეგიანად ითამაშებდა. ხანგრძლივმა სარეაბილიტაციო პერიოდებმა მას პოტენციალის სრულებით გამოვლენის შესაძლებლობა არ მისცა. როგორც ვიცი, ჯანოს ვარიანტები საკმარისად ჰქონდა - რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საბერძნეთიდან, მაგრამ როგორც ჩანს, გადამწყვეტი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ ანორთოსისში ქართველი მწვრთნელების ტანდემი მუშაობს და შემადგენლობაშიც რამდენიმე ქართველია. ვფიქრობ, ეს მისთვის კარგი ვარიანტია.

ეჭვგარეშეა, რომ ანანიძე გუნდის ტაქტიკურ სქემას მოერგება. ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ჯანოა, სარგებელს აუცილებლად მოგვიტანს".

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია

ანორთოსისის ამბიციებზე

"თავად კვიპროსზე თორნიკე ოქრიაშვილთან და ბუბა დაუშვილთან ერთად აღმოვჩნდი, აქ კი ნიკა კაჭარავა და გუნდის მწვრთნელები: თემურ ქეცბაია და მისი თანაშემწე სოსო ჭედია დაგვხვდნენ. ჩვენს შემთხვევაში მთავარი ფაქტორი ქეცბაია იყო, რომელიც ჯერ კიდევ ნაკრებიდან გვიცნობდა, რომლესაც ხუთი წლის განმავლობაში წვრთნიდა. თემურს სურდა, ანორთოსისისგან ჩემიონობისთვის მებრძოლი გუნდი შეექმნა, ჩვენთვის კი ეს საინტერესო იყო. 

ამჟამად ანორთოსისი სატურნირო ცხრილის ლიდერია და ეს ბევრს უკვირს, რადგან შემადგენლობა პრაქტიკულად 90%-ით შეიცვლა. ეს ჩვენთვისაც პატარა სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან როგორც წესი, ახალი გუნდისგან შედეგს უმალ არავინ მოელის. თუმცა, ჯერ მაინც ადრეა ჩემპიონობაზე საუბარი, თითქმის ნახევარი სეზონი ხომ წინაა.

კვიპროსის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გავიტანეთ და ყველაზე ნაკლები გავუშვით. ყრუ დაცვაში ნამდვილად არ ვსხედვართ და ვცდილობთ, უფრო მეტად შევუტიოთ".

ანორთოსისი, როგორც საქართველოს ნაკრები

საქართველოს უნიკალურ შანსზე

"ყველაფერი მარტივი და გასაგებია: თუკი ჩვენს დივიზიონში მოვიგებთ ნახევარფინალსა და ფინალს, მივემგზავრებით ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე. პირველი მატჩი ბელარუსთან გვაქვს. წილისყრამ გაგვიმართლა და მეტოქეს საკუთარ მოედანზე მივიღებთ. თუკი მოვიგებთ, ფინალსაც შინ ჩავატარებთ.

ამ მატჩებს მთელი ქვეყანა ელოდება! საქართველოს დიდ ტურნირზე მოხვედრის ასეთი შანსი არასდროს ჰქონია და ამიტომ, ყველანი მარტის ბოლოს ველოდებით. ვემზადებით და გამუდმებით იმაზე ვფიქრობთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვება მთელი საქართველოსთვის".

საქართველოს ნაკრებს 26 მარტს ბელარუსთან მნიშვნელოვანი მატჩი ელის

კომენტარები

ბოლო ამბები