Thumbnail

კრისტიან ერიქსენის ტრანსფერი გადაწყდა - სან სიროზე პრეზენტაცია დაგეგმილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანტონიო კონტეს გუნდი იანვარში 27 წლის დანიელი ნახევარმცველით გაძლიერდება
  • ლონდონის ტოტენჰემმა და მილანის ინტერმა ტრანსფერის ფასზე უკვე მოილაპარაკეს

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ტოტენჰემ ჰოთსპურის ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებს. 

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, იტალიური და ინგლისური კლუბები 27 წლის დანიელი ფეხბურთელის ფასზე შეთანხმდნენ და ტრანსფერი იანვარშივე შედგება. როგორც იტალიური მედია იუწყება, ინტერი ტოტენჰემს ერიქსენში, ბონუსების გათვალისწინებით, 20 მილიონ ევროს გადაუხდის.

სკუდეტოსთვის მებრძოლი ანტონიო კონტე გუნდს აძლიერებს

კრისტიან ერიქსენს ლონდონელებთან ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისს ეწურება, ცოტა ხნის წინ კი მის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, ფეხბურთელი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, სეზონში კი 10 მილიონ ევროს მიიღებს.

იუწყებიან, რომ "ნერაძური" კრისტიანის წარდგენას "სან სიროზე" კვირას, სერია A-ში კალიარისთან გასამართი მატჩის წინ გეგმავს.

დანიელი ნახევარმცველი ლონდონის ტოტენჰემსი ღირსებას 2013 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგის 20 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი. 

სერია A-ში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდს 47 ქულა აქვს და ლიდერ იუვენტუსს 4 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები