Thumbnail

სამი მეასედი ქულა ვერცხლამდე - მორის ყვითელაშვილის ისტორიული მედალი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
  • მას ძალიან ცოტა დააკლდა ვერცხლის მედლამდე

ავსტრიის ქალაქ გრაცში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. დასრულდა ასპარეზობა ვაჟთა ერთეულებში, სადაც ორი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა, 24 წლის მორის ყვითელაშვილი და 19 წლის ირაკლი მაისურაძე. ყვითელაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

დანიელიანი, ალიევი და ყვითელაშვილი

შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ მორის ყვითელაშვილი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა და მედლისთვის ბრძოლაში პრეტენზიას აცხადებდა.

📺 მორის ყვითელაშვილის გამოსვლა თავისუფალ პროგრამაში

მორისმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა მიიღო, რაც დისციპლინაში მე-3 შედეგია. საბოლოო ჯამშიც მე-3 ადგილზე გავიდა - ყვითელაშვილმა 246.71 ქულა დააგროვა და სულ რაღაც 3 მეასედი (!) ქულით ჩამორჩა ვერცხლისმედალოსან რუს არტურ დანიელიანს. ევროპის ჩემპიონი რუსი დმიტრი ალიევი გახდა 272.89 ქულით. 

თუმცა ესეც ისტორიული შედეგია, ევროპის ჩემპიონატზე მედალი ქართველებიდან აქამდე მხოლოდ ელენე გედევანიშვილს ჰქონდა მოპოვებული.  

ირაკლი მაისურაძემ თავისუფალ პროგრამაში 140.34 ქულა მოაგროვა და ამ დისციპლინაში მე-14 ადგილზე გავიდა (ის მე-15 იყო მოკლე პროგრამაში). საერთო ჯამში, მაისურაძემ 214.47 ქულით ასპარეზობა მე-14 ადგილზე დაასრულა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მიღწევაა კონტინენტის პირველობაზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები