Thumbnail

'ბასკონიას სიმბოლო' - რუსებს შენგელიას მიერ დამსხვრეული ფარი დღემდე ახსოვთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 24 იანვარი | ⌚ 00:00 | 🏀 ბასკონია V ხიმკი
  • თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბთან რეკორდი აქვს დამყარებული

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის ეგიდით მორიგ მატჩს დღეს გვიან ღამით ჩაატარებს. ჩვენებურის ბასკონია მშობლიურ ფერნანდო ბუესა არენაზე რუსულ ხიმკის დაუხვდება.

20 ტურის თავზე, ბასკონიელები 7 მოგებით მე-15 ადგილზე იმყოფებიან, ხიმკი კი 9 გამარჯვებით მეათეა. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის პლეი-ოფში მოწინავე 8 გუნდი გადის, ამდენად, უკვე თითოეულ მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რუსული გუნდის ვებ-გვერდი მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და მეტოქის საკვანძო კალათბურთელებად პიერია ჰენრი, ნიკ სტაუსკასი და შეივონ შილდსი დაასახელა, თორნიკე შენგელია კი ბასკონიას ვარსკვლავად დაასახელა. აი, რას წერენ რუსები ქარველ ფორვარდზე.

“შენგელია ამჟამინდელი ბასკონიას სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ. ესპანურ კლუბში ის უკვე მე-6 სეზონს ატარებს და გუნდის კაპიტნის სამკლაურს ატარებს.

გასულ სეზონში ის გუნდში შედეგიანობის მხრივ (11.4 ქულა, 4.3 მოხსნა, 1.6 პასი, 1.1 ჩაჭრა) მეორე იყო, ხიმკის გულშემატკივარს კი, თორნიკე განსაკუთრებულად კარგად უნდა ახსოვდეს.

2018 წლის 27 დეკემბერს გამართულ მატჩში შენგელია სლემდანქის შესრულებას ცდილობდა, როდესაც ხიმკის დარბაზში ფარი დაამხსვრია და თამაში დიდი ხნით შეწყდა”.

საინტერესოა, რომ გუნდების მიერ შარშანვე ესპანეთში გამართულ მატჩში შენგელიამ 15 მოხსნა – აქედან, 12 საკუთარ ფარზე – მიითვალა და ორივეს ეს, მაჩვენებელი მის ევროლიგურ კარიერაში საუკეთესოა.

ქართველ ლეგიონერს რუსეთში ძველი მეგობარი იანის ტიმა დახვდება. ლატვიელი კალათბურთელი ბასკონიას ღირსებას 2017-18 წლებში იცავდა და ჩვენებურის გარდა, პატრისიო გარინოს, ილიმანე დიოპის, ჯეისონ გრეინჯერის, მეტ ჯენინგისა და ლუკა ვილდოზას მხარდამხარ უთამაშია.

ცნობისთვის, შენგელია ბასკონიელთა ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული.

ქართველ ლეგიონერს ბოლო 21 მატჩიდან 20-ში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული.

თორნიკე ეფექტურობის საშუალო მაჩვენებლით (19.2) ევროლიგაში მე-6 ადგილზეა და საშუალოდ ჩაგდებული ქულებით (16.7) კი მეშვიდეა.

შენგელიას შეტევაში 4 მოხსნა სჭირდება, რათა ევროლიგურ კარიერაში ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში 200-ან ნიშნულს უწიოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები