Thumbnail

მორისის სეზონის საუკეთესო შედეგი - ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჯერ მეოთხეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გრაცში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
  • თავისუფალ პროგრამაში ორი ქართველი იასპარეზებს

ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს ფიგურულ ციგურაობაში. ვაჟთა მოკლე პროგრამაში 35 სპორტსმენი ჩაერთო, მათ შორის ორი ქართველი მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე. 

24 წლის ყვითელაშვილი ყინულზე ბოლოსწინა გავიდა, მან საერთო ჯამში 82.77 ქულა დაიმსახურა. ტექნიკურ ელემენტებში მორისმა 45.05 ქულა მიიღო, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში 38.72. საბოლოოდ, მან მე-4 ადგილი დაიკავა და, ბუნებრივია, თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს მორისის საუკეთესო გამოსვლაა ამ სეზონში. 

კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა 19 წლის ირაკლი მაისურაძემაც - 74.13 ქულა (ტექნიკური ელემენტები - 40.96 ქულა; პროგრამული კომპონენტები - 34.17). 

თავისუფალ პროგრამაში 35 მონაწილიდან 24 გავიდა. ლიდერობს ჩეხი მიხალ ბრჟეზინა - 34.17 ქულა. მეორე ადგილზეა რუსი დმიტრი ალიევი - 88.45. მესამე პოზიციაზეა კიდევ ერთი რუსი არტურ დანიელიანი - 82.77. თავისუფალი პროგრამა გრაცში 23 იანვარს გაიმართება. 

მორის ყვითელაშვილის საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატებზე მეექვსე ადგილია, რომელიც მან 2017 წელს ჩეხურ ოსტრავაში აჩვენა. ახლა მას არა მარტო შედეგის გაუმჯობესების, არამედ, მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს. ირაკლი მაისურაძე ევროპის ჩემპიონატებზე მესამედ ასპარეზობს, მისი საუკეთესო შედეგი მე-17 ადგილია (2018 წ.). 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასევე იასპარეზებენ ალინა ურუშაძე (ქალთა ერთეულები) და მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი (ყინულზე ცეკვები). კაზაკოვა და რევია 23 იანვარს რიტმული ცეკვებით იწყებენ - 27 მონაწილეს შორის ქართული წყვილი 21-ე გამოვა გრაცის ყინულზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები