Thumbnail
  • საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამიერიდან ვასილ მაისურაძე გაწვრთნის
  • 49 წლის მწვრთნელს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს
  • ნაკრებში ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს, სლოვაკეთთან მატჩში შედგება 

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს, რომელსაც ბოლოს გია ცეცაძე წვრთნიდა, ამიერიდან ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იუწყება.

49 წლის სპეციალისტი, 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

მაისურაძე ბოლოს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა, ამჟამად კი ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდე გუნდთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ჩვენს გუნდს წლის ბოლომდე საინტერესო მატჩები ელოდება".

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება.

ვასილ მაისურაძის სამწვრთნელო კარიერა
2018-2020 საქართველოს 20 წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი
2017 საქართველოს 18-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი
2015-2016 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი 
2014-2015 თბილისის ლოკომოტივი - მთავარი მწვრთნელი
2013-2014 საქართველოს 19-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი
2012-2013 დინამო თბილისი ll - მთავარი მწვრთნელი
2011-2012 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი
2010 საქართველოს 16-წლამდე ნაკრები - მთავარი მწვრთნელი

გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის მე-2 შესარჩევ ჯგუფში გამოდის. გუნდს 5 მატჩში 2 მოგება და 3 მარცხი აქვს და 6 ქულით მესამე ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები