Thumbnail

სანდრო ბრუნდება! მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა შესაძლოა, NCAA-ს ტიტულისთვის იბრძოლოს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სეტონ ჰოლის თავკაცმა სანდრო მამუკელაშვილის დაბრუნების თარიღი დაასახელა
  • სეტონ ჰოლს ბოლო ორ დეკადაში საუკეთესო რეიტინგი აქვს

29 იანვარს NCAA-ს მორიგ მატჩში დეპოლის წინააღმდეგ სეტონ ჰოლს სანდრო მამუკელაშვილი დაუბრუნდება. ამის შესახებ თავად გუნდის თავკაცმა კევინ უილიარდმა განაცხადა: "ვფიქრობ, ყველაზე რეალური სიუჟეტია, რომ სანდრო გუნდს 29-ში დეპოლის წინააღმდეგ დაუბრუნდება".

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მძიმე ფორვარდი აიოვასთან მატჩში (9 დეკემბერს) მძიმედ დაშავდა - მაჯის ძვალი მოიტეხა. ექიმებმა მისი დაბრუნების სავარაუდო დროდ თებერვალი დაასახელეს, თუმცა მამუკელაშვილმა უკვე დაიწყო ვარჯიში და მოსალოდნელზე ადრე აპირებს დაბრუნებას.

მის არყოფნაში სეტონ ჰოლმა ერთი მატჩიც დათმო, შემდეგ კი 8-მატჩიანი მოგებათა სერია გამოუვიდა, რაც დიდწილად გუნდის უმთავრესი ვარსკვლავის მაილს პაუელსის დამსახურებაა, რომელსაც ლამის 30 ქულა აქვს საშუალოდ. 

სეტონ ჰოლის ლიდერები მაილს პაუელი და სანდრო მამუკელაშვილი

AP-ის ბოლო რეიტინგში სეტონ ჰოლი NCAA-ში მე-10 ნომერია, რაც ბოლო ორ დეკადაში გუნდის საუკეთესო შედეგია. ამას უილიარდი ასე ხსნის: "ვფიქრობ, შარშანაც კარგი სეზონი გვქონდა, თუმცა უდიდესი სხვაობა ისაა, რომ ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს. სანდრო და მაილს კეილი სათადარიგოები იყვნენ, ახლა კი გაცილებით თვითდაჯერებულები თამაშობენ. მათ კარგად ესმით, რა მიზნები გვაქვს და როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ეს იმიტომ, რომ ისინი უფრო გამოცდილები გახდნენ". 

ბევრი ამტკიცებს, რომ როცა ეგრეთ წოდებული "მარტის სიგიჟე" (NCAA Tournament) დაიწყება, სეტონ ჰოლი შესაძლოა, მე-3 ან მე-4 ნომრად განთესილი გუნდი იყოს. 

სეტონ ჰოლის ფანები უკვე შორსმიმავალ გეგმებსაც აწყობენ და NCAA ფინალში, რომელიც ატლანტაში გაიმართება, თავიანთ გუნდს ხედავენ. "ყველაფერი წააგეს? სეტონ ჰოლი ხომ მისი მეორე საუკეთესო კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის გარეშე თამაშობს და მაინც იგებს. ასე არც საოცნებო აპრილური ვოიაჟიას ატლანტაში გამორიცხული", - წერს ერთ-ერთი მათგანი. 

კომენტარები

ბოლო ამბები