Thumbnail

'ევროპალიგაში ბენფიკას უნდა ვაჯობოთ' - დავით ხოჭოლავა შახტარის სამზადისზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების მცველი შახტართან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება
  • 26 წლის ფეხბურთელმა სეზონის საგაზაფხულო ნაწილისთვის მზადებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის 26 წლის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინულ გუნდთან თურქულ შეკრებაზე იმყოფება. შახტარი ბელეკშია დაბანაკებული, სადაც 30 იანვრამდე დაჰყოფს და რამდენიმე საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს.

დონეცკის გუნდის ქართველმა მცველმა კლუბის პრესსამსახურს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

"შვებულება კარგად გავატარე. უნდა ითქვას, რომ დასვენება აქტიური გამოვიდა - ლამის ყოველდღე მინი-ფეხბურთს ვთამაშობდით. აუცილებელია, რომ არდადეგების ბოლო ორ კვირაში ირბინო, სპორტდარბაზში იარო, ფეხბურთი ითამაშო. მთავარია, არ გაჩერდე! წინ სერიოზული მატჩებია და მზადება უკვე დავიწყეთ.

ხოჭოლავას შახტარის პირველ ვარჯიშზე თურქეთში 

პირველ შეკრებაზე მთავარი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება და ძნელია ხოლმე, განსაკუთრებით შვებულების შემდეგ, როდესაც ფეხბურთელები არცთუ საუკეთესო კონდიციებში ვართ. ასე რომ, ეს ათი დღე ყველაზე რთული იქნება.

რაც შეეხება სეზონის მეორე ნახევარს, პირველ რიგში პირველ დაპირისპირებაზე ვილაპარაკებ - გვსურს ბენფიკასთან მატჩებში გამარჯვება ვიზეიმოთ და ევროპალიგაში წინ წავიდეთ. უკრაინის ჩემპიონატში კი, რა თქმა უნდა, ოქრო უნდა მოვიგოთ", - ამბობს ხოჭოლავა.

ცენტრალურ მცველს საქართველოს ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული

დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტარის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მასთან ერთად ორ-ორჯერ უკრაინის ჩემპიონობა და თასი უკვე მოიგო. მიმდინარე სეზონში ხოჭოლავამ ლუიშ კაშტროს გუნდში ყველა ტურნირის მხოლოდ 8 მატჩში ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

დონეცკის შახტარი უკრაინის ჩემპიონატს, გასული 18 ტურის შემდეგ დამაჯერებლად, 50 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ კიევის დინამოს 14 ქულით უსწრებს. უკრაინული გუნდი ევროპალიგის 1/16-ფინალშია გასული, სადაც ლისაბონის ბენფიკას შინ და სტუმრად, შესაბამისად, 20 და 28 თებერვალს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები