Thumbnail

'ისევ ის კვერკველია რომ ვიხილოთ, დროა საჭირო' - ლოკომოტივის მწვრთნელი საბაზე

  • მოსკოვის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა საბა კვერკველიას ფორმაზე ისაუბრა
  • 27 წლის ქართველმა მცველმა ესპანურ შეკრებაზე სტიაუასთან შეუცვლელად ითამაშა

საბა კვერკველიას გუნდმა მოსკოვის ლოკომოტივმა, რომელიც სეზონის განახლებისთვის ესპანურ შეკრებაზე ემზადება, სპარინგი რუმინულ სტიაუასთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა - 3:3. მოსკოვური გუნდის შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა მცველმა, რომელსაც შარშან სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ჰქონდა.

საბას თამაშით ლოკომოტივის მწვრთნელი მთლიანობაში კმაყოფილი დარჩა

27 წლის ქართველმა მცველმა, რომელსაც გაზაფხულიდან მოყოლებული, ტრავმა აწუხებდა, 2019/20 წლების სეზონში საკლუბო დონეზე სულ 3 მატჩში ითამაშა - რუსეთის თასზე, რუსეთის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. მედიაში გამოთქვა კიდეც ვარაუდი, რომ შესაძლოა კვერკველია ლოკომოტივს დაშორებოდა.

საბამ სტიაუასთან ამხანაგურ მატჩში შეუცვლელად ითამაშა, მოსკოვური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა კი მატჩის შემდეგ კონკრეტულად კვერკველიაზეც ილაპარაკა.

"ვფიქრობ, იმისთვის, რათა "ისევ ის კვერკველია" ვიხილოთ, გარკვეული დროა საჭირო. მთლიანობაში კი 90 წუთი მას ცუდად არ უთამაშია. ზოგადად, ფეხბურთელებს 45-45 წუთი უნდა ეთამაშათ, მაგრამ მურილოს ავადმყოფობის გამო, საბამ მთელი მატჩი ჩაატარა და იმაზე მეტად დაიტვირთა, ვიდრე ვგეგმავდით", - განუცხადა სიომინმა კლუბის პრესსამსახურს.

საბა ლოკომოტივთან ერთად ამჟამად ესპანურ შეკრებას გადის

მოსკოვის ლოკომოტივი ესპანურ პირველ შეკრებაზე, რომელიც 14 იანვარს დაიწყო და 27-ში დასრულდება, კიდევ 2 მატჩს ჩაატარებს - 23 იანვარს ხორვატულ ოსიეკთან, 26-ში კი კორეულ ჩონბუკთან.
  
რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, მოსკოვის ლოკომოტივს 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ჩემპიონატს კვერკველიას გუნდი 29 თებერვალს, სანკტ პეტერბურგში ზენიტთან მატჩით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები