Thumbnail

სპარტაკი მორჩა, პრიორიტეტი ევროპაა - აგენტმა ჯანო ანანიძის მომავალზე ისაუბრა

  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მოსკოვის სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა
  • 27 წლის ფეხბურთელის ვარიანტებსა და პრიორიტეტებზე მისმა აგენტმა ილაპარაკა
  • ჯანო ანანიძეს რუსეთში დარჩენა დიდად არ სურს

ჯანო ანანიძე საკმაოდ ხანგრძლივი, არცთუ წარმატებული პერიოდის შემდეგ, მოსკოვის სპარტაკს დაშორდა. საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და დღეს თავისუფალი აგენტია. 

მანამდე იუწყებოდნენ, რომ ჯანოს ზამთარში დამატებით რუსული, თურქული და კვიპროსული კლუბები ინტერესდებოდნენ. თავიდან საუბარი იყო ანანიძის იჯარაზე ტულის არსენალში, ტამბოვსა და დენიზლისპორში, ბოლოს კი ფეხბურთელის ანორთოსისში შესაძლო გადასვლაზეც დაიწერა, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.

ჯანომ სპარტაკში სადებიუტო გოლი 16 წლისამ გაიტანა და კლუბის ისტორიაში დღემდე რეკორდსმენია

აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ, რომელიც ჯანო ანანიძის ინტერესებს წარმოადგენს, სპარტაკთან კონტრაქტის გაწყვეტასა და ფეხბურთელის ვარიანტებზე გამოცემა "სპორტ ექსპრესთან" ისაუბრა:

"თუკი სპარტაკი არ ასახელებს კონტრაქტის გაწყვეტის პირობებს, ამას არც ჩვენ გავაკეთებთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არ გვივაჭრია. ჯანომ მიიღო ის პირობა, რომელიც კლუბმა შესთავაზა. მას არც მაშინ უვაჭრია, როდესაც "წითელ-თეთრებთან" ახალ ხელშეკრულებას აფორმებდა და ასევე მოიქცა მისი გაწყვეტის დროსაც. ჯანო სპარტაკის მადლიერია იქ გატარებული მთელი 11 წლის გამო, პირველ რიგში კი - გულშემატკივრების, კლუბის თანამშრომლების და ხელმძღვანელობის.

ანანიძეს სხვადასხვა ლიგის რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომლებსაც ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ვერ დავასახელებ. არის ინტერესი რუსეთიდან, მაგრამ ჯანოსთვის ახლა პრიორიტეტი ატმოსფეროს, ჩემპიონატის გამოცვლა და კარიერის გადატვირთვაა. ის 27 წლისაა, რამდენიმე წელიწადი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და არავისთვისაა საიდუმლო, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია. მან სპარტაკში შესაძლებლობების 100 პროცენტით წარმოჩენა ვერ შეძლო, მაგრამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ახლა კი ალბათ მოვიდა დრო, ვითარების შეცვლაზე იფიქროს. 

31 იანვრამდე (სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე) ჩვენი პრიორიტეტი ევროპა იქნება, ჯანოს ახალი გამოწვევის მიღება და საკუთარი ძალების გამოცდა იქ სურს", - ამბობს აგენტი.

ჯანო ანანიძეს რუსეთში დარჩენა დიდად არ სურს

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2009 წლიდან გამოდიოდა, თუმცა ხშირმა და მძიმე ტრავმებმა მისი კარიერა მნიშვნელოვნად დააზარალა. სპარტაკმა ქართველი ფეხბურთელი ორჯერ იჯარით სხვა კლუბშიც გაუშვა -  ჯერ როსტოვში (2013/14 წლების სეზონში), შემდე კი სამარის კრილია სოვეტოვში (2018/19). მოსკოვურ კლუბში დაბრუნებულმა ჯანომ მოლოდინი ვერ გაამართლა - მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 10 მატჩში ითამაშა, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

კომენტარები

ბოლო ამბები