Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:7 (5:7), 6:4, 7:5, 3:6, 6:3 კვონ სუნ ვუ
  • ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ფერნანდო ვერდასკოა   

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა (ATP: 29) პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს (ATP: 83) ხუთსეტიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

ქართველი და სამხრეთკორეელი ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდნენ, მელბურნში, მე-12 კორტზე გამართულმა შეხვედრამ კი 3 საათსა და 55 წუთს გასტანა.

22 წლის სამხრეთკორეელმა ნიკას დიდი ბრძოლა გაუმართა 

ბასილაშვილი პირველ სეტს 5:2-ს იგებდა, მაგრამ საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც გამარჯვება აზიელს დარჩა. ნიკამ მეორე სეტის დასაწყისში მეტოქის ზედიზედ ორ მოწოდებაზე იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა. მესამეში ბასილაშვილი ჩამორჩა, მაგრამ 2:4-იდან თამაში გამოასწორა და საბოლოოდ 7:5 გაიმარჯვა. მეოთხე სეტი ისევ კვონ სუნ ვუმ მოიგო, ანგარიში გათანაბრდა და საქმე გადამწყვეტ, მეხუთე სეტამდე მივიდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს შანსი აღარ მისცა, მეექვსე გეიმში მისი მოწოდება მოიგო და საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

ბასილაშვილის ანგარიშზე 20 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა და 18-იდან 7 რეალიზებული ბრეიკ პოინტია. სამხრეთკორეელმა 14 ეისი მოაწოდა, დაუშვა 4 ორმაგი შეცდომა და 16-იდან 5 ბრეიკ პონტის რეალიზება მოახერხა.

ნიკა ბასილაშვილი-კვონ სუნ ვუს შეხვედრის მაყურებლები

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება, რომელმაც მანამდე რუს ევგენი დონსკოის იოლად, სამ სეტში სძლია. ბასილაშვილი-ვერდასკოს დაპირისპირება თბილისის დროით 23 იანვარს, დილის 3 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ შარშან მელბურნში მე-19 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა პირველი-ორი წრე  წარმატებით დაძლია - ჯერ საკვალიფიკაციოდან გადმოსულ ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკსს (3-1), შემდეგ კი იტალიელ სტეფანო ტრავალიას (3-2) აჯობა, მაგრამ მესამე წრეში მომავალ ნახევარფინალისტთან, ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა (1-3).

დიდი სლემის წლის პირველი ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა, რომლის საპრიზო ფონდი 43 031 250 აშშ დოლარია, 2 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებული 2000 სარეიტინგო ქულასა და 2 822 850 აშშ დოლარს მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები