Thumbnail
  • იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-კომისარმა კანდიდატების შანსებზე ისაუბრა.
  • კოსტაკურტას პირველ რიგში ანტონიო კონტე სურს.
  • სხვა კანდიდატები: რანიერი, მანჩინი, გასპერინი და ჯამპაოლო.
  • ანჩელოტიმ უარი თქვა, გატუზო გამორიცხულია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩელსისთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, ლონდონურ კლუბში ანტონიო კონტეს მომავალი გაურკვეველია. მეტიც: ინგლისში ყველა დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში 48 წლის იტალიელი ჩელსის დამრიგებელი აღარ იქნება. ახლა კი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ კონტე “სკუადრას აძურას” თავკაცის პოსტზე აბსოლუტური ფავორიტია.

კონტე იტალიას 2014-2016 წლებში წვრთნიდა

“ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ ვფიქრობ, ანტონიო კონტე საუკეთესო ვარიანტია. მას ახლო მომავალში აუცილებლად შევხვდები,” - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ, რომელიც იტალიის ფეხბურთის ჯერაც უპრეზიდენტო ფედერაციაში ვიცე-კომისრადაა დანიშნული. “აძურისთვის” ახალი მწვრთნელის შერჩევა სწორედ კოსტაკურტას აქვს დავალებული.

შეგახსენებთ, რომ კონტე იტალიის ნაკრებს ჩელსიში დანიშვნამდე წვრთნიდა და მისი ფორმაციის “სკუადრა აძურამ” ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კონტემ იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ნაჩვენები კატასტროფული შედეგის (ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა) შემდეგ ჩაიბარა.

“მან უკვე დაამტკიცა, რომ იცის, როგორი უნდა იყოს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. სხვებს ეს ჯერაც არ დაუმტკიცებიათ,” - განაცხადა კოსტაკურტამ “გაძეტა დელო სპორტისთვის” ინტერვიუში.

სხვებში მან რობერტო მანჩინი (ზენიტის მწვრთნელია) და კლაუდიო რანიერი (ნანტი) იგულისხმა, რომლებიც “სკუადრა აძურას” დამრიგებლის პოსტზე ასევე განიხილებიან. თუმცა კოსტაკურტამ იქვე დასძინა, რომ მანჩინის ან რანიერის დანიშვნის შემთხვევაშიც კმაყოფილი იქნება. მათ გარდა განიხილება ჯანპიერო გასპერინისა (ატალანტა) და მარკო ჯამპაოლოს (სამპდორია) კანდიდატებიც.

► ბუფონი: იტალიას ვჭირდები და მეც მზად ვარ! ჯიჯი ნაკრებში ბრუნდება

კოსტაკურტა: გატუზოსთვის ნაკრები ჯერ ადრეა!

ალესანდრო კოსტაკურტა

როგორც ირკვევა, კოსტაკურტა კარლო ანჩელოტის ვარიანტს აღარ განიხილავს, რადგან ამ უკანასკნელმა იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე საბოლოო უარი თქვა. იტალიელმა ჟურნალისტებმა მას ჯენარო გატუზოზეც ჰკითხეს, რომელიც მილანში ახლახან დაინიშნა და იმედებს ამართლებს.

“რინო ძალიან მიყვარს, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნა მისთვის ჯერ ადრეა. მჯერა, რომ გატუზოს შესანიშნავი სამწვრთნელო კარიერა ექნება, მაგრამ ახლა “აძურიში” დანიშვნა მას მხოლოდ ავნებს,” - აღნიშნა კოსტაკურტამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების დროებითი დამრიგებელი ლუიჯი დი ბიაჯოა, რომელიც “აძურის” მარტში, არგენტინასთან და ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრებში უხელმძღვანელებს. მომდევნო ოფიციალური მატჩები იტალიას სექტემბერში, ერთა ლიგაში ელოდება.

► დი ბიაჯო: იტალიას ახლა მე უფრო ვჭირდები, ვიდრე გამოცდილი მწვრთნელი!

► “იტალიის ნაკრებს მე მივხედავ!” რანიერი მზადაა, სკუადრა აძურა ჩაიბაროს

კომენტარები

ბოლო ამბები