Thumbnail
  • 2021 წელს იანის ანტეტოკუნმპოს კონტრაქტი უმთავრდება
  • ძირითადი ფაქტორები იმაზე მეტყველებენ, რომ ის მილუოკიდან უნდა წავიდეს
  • ყველაზე რეალური მაიამისა და გოლდენ სტეიტში გადასვლაა
  • ორივე ეს გუნდი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება

2021 წლამდე ჯერ ძალიან შორია, თუმცა NBA-ში ამ თემაზე ლაპარაკი უკვე დაიწყო! 2021 წლის ზაფხულში იანის ანტეტოკუნმპოს, ანუ სხვანაირად, უფრო ხალხურად, რომ ვთქვათ The Greek Freak-ს მილუოკისთან კონტრაქტი უმთავრდება.

თქვენთვის და ჩემთვის 2021 წლის ზაფხულამდე ძალიან შორია, თუმცა NBA-ს გენერალური მენეჯერებისთვის, ანუ იმ ხალხისთვის, რომლებიც იანისის კალიბრის ვარსკვლავებს უმიზნებენ - არც ისე. ამ მასშტაბის სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდება თუ გინდა, მომზადება ადრევე უნდა დაიწყო - მოამზადო ბიუჯეტი და დააკომპლექტო გუნდი.

გარკვეული არც ის არის, რომ იანისს აუცილებლად წასვლა სურს. საერთოდაც, Greek Freak-ს მილუოკი ძალიან უყვარს და თავისი გუნდის მფლობელებს დიდ პატივს სცემს - იანისს არ დავიწყებია, რომ ეს ის ხალხი და ის გუნდია, რომელთაც იანისი ათენის ქუჩებიდან ყველაზე ვარსკვლავური ლიგის სახედ აქციეს. 

რატომ უნდა წავიდეს?

კავაი ლეონარდი და ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელესში თამაშობენ, კევინ დურანტი ნიუ იორკში. იქვე არიან პოლ ჯორჯი, ენტონი დევისი და კაირი ირვინგი. მარტივი მოცემულობაა: NBA-ს სუპერვარსკვლავებს უყვართ მეგაპოლისების (დიდი ბაზრების) გუნდებში თამაში.

კალიფორნიისა და ნიუ იორკის გარდა, მათი ტრადიციული მიმართულება ე.წ. მეორე ეშელონის დიდი ქალაქები - ბოსტონი, მაიამი, ჰიუსტონი, ფილადელფია და ჩიკაგოა. NBA-ს ისტორიაში სუპერვარსკვლავები თითქმის ყოველთვის თუ არა, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ქალაქების გუნდებში იყრიან თავს. იშვიათად მახსენდება, რომელიმე დიდ ვარსკვლავს ტრეიდი მინესოტაში, ინდიანაში ან მემფისში მოენდომებინოს.

ცხოვრების გარდა, ეკონომიკური ასპექტიც მნიშვნელოვანია - დიდი ქალაქების გუნდი დიდი ბაზარი, ანუ უფრო დიდი ფანკლუბი და უფრო დიდი მარკეტინგული შემოსავალია.

ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტოკუნმპო

იანისი პატარა ბაზრის გუნდშია და NBA-ს ლოგიკა გვკარნახობს, რომ იგი დიდ ბაზარზე უნდა წავიდეს - ეს უბრალოდ სწორი სვლა იქნება, როგორც ეკონომიკური და მარკეტინგული, ასევე სპორტული კუთხით. სპორტული კუთხე ვახსენე და მილუოკის უბრალოდ გაუჭირდება ამ სეზონნახევარში იანისს სხვა სუპერვარსკვლავი რომ დაახმაროს. ლებრონისთვის იოლია ლეიკერსში ენტონი დევისის წაყვანა, აი მილუოკიში თამაშს ვინ მოინდომებს, ეს ბევრად უფრო რთული საკითხია.

თუ ამ ორ სეზონში იანისი NBA-ს მოიგებს, მაშინ შეუძლია, ვალმოხდილი წავიდეს, ხოლო, თუ ვერ მოიგებს, მაშინ მას უბრალოდ შეუძლია, სხვა გუნდში სცადოს ბედი - მილუოკის იანისისთვის მნიშვნელოვნად გუნდის გაძლიერება (სხვა ვარსკვლავების დამატება) ძალიან, ძალიან გაუჭირდება.

როგორი უნდა იყოს მისი გუნდი?

ზემოთ აღვნიშნე, რომ თუკი რომელიმე გუნდს იანისის ხელში ჩაგდება სურს, მან სამზადისი ადრევე უნდა დაიწყოს. პირველი და ყველაზე ბანალური საკითხი ბიუჯეტია - იანისი გუნდის ბიუჯეტში დამატებით რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ნიშნავს. ამიტომაც, ასეთი ბიუჯეტი ბევრ გუნდს არ აქვს. გენერალური მენეჯერები ჩვეულებრივ ადრევე იწყებენ ხოლმე სამზადისს, თუ როგორ გაათავისუფლონ ბიუჯეტში ფული, როდესაც იანისის ან ლებრონის ტიპის სუპერვარსკვლავი ბაზარზე გამოდის. სწორედ ასე მოიქცა მაიამი 2010 წელს და ბრუკლინი გასულ ზაფხულს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

გარდა ამისა, ბუნებრივია, რომ იანისი დიდი ან საშუალო ბაზრის გუნდში გადავიდეს - აზრი არ ექნება ერთი პატარა ბაზრის გუნდიდან მეორე მსგავსი ტიპის გუნდში გადასვლას.

მესამე ფაქტორი საჩემპიონო, ამბიციური გუნდია - ანუ, იანისი თავისი კარიერის პიკშია და ახალი გუნდის მშენებლობისთვის წლების დაკარგვას, ბუნებრივია, არ მოისურვებს. მას ისეთი გუნდი უნდა დაახვედრო, რომელიც ბერძენი ლეგიონერის დამატების შემდეგ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

რა თქვა სტივეინ ეიმ? ვინ არიან პრეტენდენტები?

ამ საკითხზე აქამდეც ლაპარაკობდნენ, თემაზე დისკუსია კიდევ უფრო გააქტიურა NBA-ს ყველაზე გავლენიანმა და ხმაურიანმა ჟურნალისტმა სტივენ ეი სმიტმა. მისი აზრი კომპეტენტურია, მას ლიგის ვარსკვლავებთან და მენეჯერებთან ახლო კონტაქტები აქვს და ხშირად არის ხოლმე ინსაიდერული ინფორმაციების გამხმოვანებელი. სტივენ ეიმ აღნიშნა, რომ ისურვებდა, იანისის რომელიმე დიდი ბაზრის მქონე გუნდში ხილვას და ასეთად გოლდენ სტეიტი მოიხსენია.

გოლდენ სტეიტს რომ იანისის დამატება სურს, ეს აქამდეც იყო ცნობილი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბერძენმა გოლდენ სტეიტი გასულ კვირაში, სან ფრანცისკოში თამაშის შემდეგ, ძალიან თბილად მოიხსენია.

წაიკითხეიანისი ახლა კიდევ უფრო ძლიერია - THE GREEK FREAK-ის ევოლუცია

თუ ზემოთ აღნიშნულ პარამეტრებს გავაანალიზებთ, ამ ეტაპზე იანისის გუნდში დამატების რესურსი მხოლოდ რამდენიმე გუნდს შეიძლება ჰქონდეს: ლეიკერსს, კლიპერსს და ბრუკლინს უკვე ორ-ორი სუპერვარსკვლავი ჰყავთ და უბრალოდ ამის რესურსი არ ეყოფათ. არცერთ საღად მოაზროვნე კაცს არ მოუნდება ნიუ იორკ ნიქსის ქაოსში თავის შეყოფა (ნიქსი, როგორც ამბობენ, იანისისთვის სპეციალურად ემზადება), ჩიკაგო ამ ეტაპზე ძალიან სუსტია, ჰიუსტონს ბიუჯეტი არ აქვს და ჰარდენის გვერდით იანისი რთულად წარმოსადგენია. ბოსტონი ალბათ ეცდება, იანისისთვის რაიმე საინტერესო მოიფიქროს, ყველაზე მეტი შანსი კი სწორედ გოლდენ სტეიტს და პატ რაილის მაიამის აქვთ.

რატომ გოლდენ სტეიტი, ან მაიამი?

გოლდენ სტეიტი კალიფორნიაა, მთლად ლოს ანჯელესი არა, მაგრამ კალიფორნია და აქ სუპერვარსკვლავებს ცხოვრება უყვართ. იგივე ითქმის ფლორიდასა და მაიამიზე. დამატებით, ფლორიდაში დაბალი გადასახადებია, რაც დამატებით შემოსავლებს ნიშნავს. ორივე ამ გუნდს ბიუჯეტში თანხები მოეძებნება და ორივე ამ გუნდს ახლო წარსულში საჩემპიონო გამოცდილება აქვს. ორივე აწყობილი და ძალიან კარგად გამართული ორგანიზაციაა - ანუ იდეალური ადგილი სათამაშოდ.

გარდა ამისა, გოლდენ სტეიტს შეუძლია, იანისს სტეფი-კლეი-გრინის სამეული დაახვედროს - იანისთან ერთად (და შესაძლოა მის გარეშეც) ეს უკვე საჩემპიონო გუნდია. მაიამის ჯიმი ბატლერი და ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდი ჰყავს, რომელიც ამ ეტაპზე უკვე აღმოსავლეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მომავალში კი კიდევ უკეთესი გახდება.

რა სხვაობაა ამ გუნდებს შორის?

ორივე ეს გუნდი განსხვავებულ კულტურას და მსოფლმხედველობას განასახიერებს. გოლდენ სტეიტი კალიფორნიის, ლიბერალური ამერიკის სახეა - არა ათლეტური, არამედ ე.წ. პროგრესული კალაბურთი, მუდამ კარგ ხასიათზე მყოფი სტეფი ორგანიზაციის ცენტრში. მაიამი კონსერვატული ამერიკის სიმბოლოა - პატ რაილის იმპერია, რომელიც ათლეტურ კალათბურთზე, დაცვაზე, მკაცრ დისციპლინაზე, სამუშაო ეთიკაზე და სიხისტეზე დგას. პატ რაილიმ მაიამიში თითქოს კლინტ ისტვუდის ფილმების სამყარო გააცოცხლა და თავადაც ამ ფილმების პერსონაჟივით გამოიყურება.

მთავარი კითხვა ის არის, საით მოინდომებს იანისი წასვლას?! რა უფრო მოსწონს მას? სტეფი და რაილი - ეს ორი სხვადასხვა პოლუსია. 2021 წლის ზაფხულამდე ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა ეს ორი გუნდი იანისისთვის ყველაზე რეალური პრეტენდენტებია, ამ ეტაპზე მაინც.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები