Thumbnail
  • საართველოს ნაკრების ფეხბურთელით პოზნანის ლეხი ინტერესდება
  • 26 წლის ფორვარდს ანორთოსისის დატოვება ჯერჯერობით არ სურს

პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული ანორთოსისის თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას დამატებით პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი ლეხი ინტერესდება. 

პოზნანის გუნდი 26 წლის ქართველი ფეხბურთელით, რომელსაც პოლონურ ესტრაკლასაში თამაშის გამოცდილება აქვს, გასულ ზამთარსაც ინტერესდებოდა, მაგრამ კვიპროსულმა კლუბმა ნიკას ტრანსფერს ვეტო დაადო. ახლა კი სხვა ვითარებაა - კაჭარავას ანორთოსისთან ხელშეკრულება სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. 

ნიკა კაჭარავას პოლონურ კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს

პოლონელები წერენ, რომ კაჭარავასადმი ლეხის დაინტერესებას ორი ძირითადი ფატორი განაპირობებს - ექსტრაკლასაში თამაშის გამოცდილება და კლუბისთვის მისაღები ფინანსური მოთხოვნები. ასევე იუწყებიან, რომ ნიკას პოლონეთში ამ ზამთარსვე გადაბარგება შეუძლებელი ჩანს, რადგან ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონობისთვის იბრძვის, კაჭარავა კი ამ გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თანაც, ცოტა ხნის წინ თავად თავდამსხმელმაც აღიარა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს.

"არსად წავალ. ამ გუნდში, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები", - უთხრა ნიკამ კვიპროსულ მედიას.

ქართველი ცენტრფორვარდი კვიპროსში თავს კარგად გრძნობს

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ანორთოსისი, რომლის ღირსებას კაჭარავასთან ერთად, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი იცავენ, კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 36 ქულით ლიდერობს. ანორთოსისი უახლოეს მდევარ ომონიას, რომელსაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, 4 ქულით უსწრებს.

ნიკა კაჭარავა ანორთოსისის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა კვიპროსის ჩემპიონატის 11 მატჩში ითამაშა და 5 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა. 

ქართველი ცენტრფორვარდი პოლონეთში კიელცეს კორონას ღირსებას 2017/18 წლების სეზონში იცავდა და ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირის 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები