Thumbnail

7 გოლი ამხანაგურ მატჩში - დინამო ბათუმმა გორის დილას მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ეროვნული ლიგის გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან
  • დინამო ბათუმი 5:2 დილა გორი 

ეროვნული ლიგის გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონთან მდებარე საწვრთნელი ბაზაზე დინამო ბათუმი გორის დილას დაუპირისპირდა. მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით, 5:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა, 1:1. მატჩი სულ ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გორელების შეტევა მიკოლა კოვტალიუკის ზუსტი დარტყმით დასრულდა. ამ ეპიზოდიდან დაახლოებოით 15 წუთში, ბათუმელებმა გაათანაბრეს. ტექნიკური დარტყმით თავი ფლამარიონ ჯოვინომ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში 5 გოლი გავიდა და აქედან 3 თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან. დინამო ბათუმის რიგებში ორივე სტანდარტი ზუსტად ვაკო თევდორაძემ შეასრულა, გორელებიდან კი გოლი გიორგი ალიმბარაშვილმა შეაგდო. მატჩის ბოლო 10 წუთში, გია გეგუჩაძის გუნდმა აქტიურად შეუტია და კიდევ ორი გოლი გაუტანა მეტოქეს: ჯერ თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა ეფექტური გოლი, მატჩის საბოლოო ანგარიში კი თენგიზ წიქარიძემ დააფიქსირა, 5:2.

დინამო ბათუმის რიგებში სამი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, მეთი სტატუსის შესახებ დაზუსტებით ცნობილი ჯერ არ არის. მეკარე ლევან შოვნაძე და შემტევი ნახევარმცველები: სანდრო სინჯიკაშვილი და მეხუთე ბურთის ავტორი თენგიზ წიქარიძე. აქვე ვთქვათ, რომ სხვადასხვა მიზეზით, დინამოს რამდენიმე მოთამაშე აკლდა: გიორგი ნავალოვსკის და ბრენჟამინ ტეიდის მსუბუქი ტრავმები აქვთ, მათე ცინცაძეს ვირუსი აქვს, გაბრიელ რამოსი კი გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. 23 იანვრიდან, ბათუმური გუნდი ანტალიაში გააგრძელებს საწვრთნელ პროცესს. 

თენგიზ წიქარიძე (დინამო ბათუმი)
“ახალი მოსული ვარ გუნდში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, დინამო ბათუმში ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს და ადაპტაციის გავლა არ უნდა გამიჭირდეს. მოსამზადებელი პერიოდი კარგად მიმდინარეობს, გვაქვს ინტენსიური ვარჯიშები და გვქონდა ამხანაგური თამაშიც. ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებულად მოვიგეთ”.  

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)
“დადებითად ვაფასებ თბილისურ შეკრებას. რაც დაგეგმილი გვქონდა, შევასრულეთ და ბოლოს, ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა შედეგს და უფრო მეტად გვაინტერესებდა ფეხბურთელთა ფუნქციონალური მდგომარეობა. ამ ეტაპზე, კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ვაკვირდებით მათ როგორც ვარჯიშებზე, ისე ამხანაგურ შეხვედრებში და გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს. გუნდს ჭირდება გაძლიერება რამდენიმე პოზიციაზე და მართალია, ჯერ ყველგან ვერ მოიძებნა სასურველი კანდიდატურა, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. პირველ თურქულ შეკრებაზე კიდევ დავაკვირდებით ფეხბურთელებს, დასკვნით შეკრებაზე კი სათამაშო პრაქტიკაზე გაკეთდება აქცენტი”.

დინამო ბათუმი 5:2 დილა 

გოლები: 1:0 კოვტალიუკი (2), 1:1 ჯოვინო (18), 2:1 თევდორაძე (63-პენ.), 2:2 ალიმბარაშვილი (68-პენ.), 3:2 თევდორაძე (79-პენ.), 4:2 გაფრინდაშვილი (80), 5:2 წიქარიძე (85).

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე, გეგეჭკორი, კობახიძე, ფაცაცია, ჩალაძე, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, წიქარიძე, ჯიღაური, ჯოვინო, დვალიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: შოვნაძე, გაგოშიძე, სინჯიკაშვილი, თევდორაძე, გაფრინდაშვილი.

დილა (5-3-2): ჩოჩიშვილი, ჩიტეიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, გადრანი, გიორბელიძე, გაგნიძე, გორგიაშვილი, ბიძინაშვილი, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი.

კომენტარები

ბოლო ამბები