Thumbnail

იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

საინტერესოა, რომ 30 წლის ქართველ ლეგიონერს აღნიშნული პატივი მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ ერგო, სულ კი, მის კარიერაში ეს მე-8 აღიარებაა.

შერმადინმა ამჯერად თავი ესტუდიანტესთან მოგებულ (76:59) მატჩში გამოიჩინა, როდესაც 25:24 წუთში 21 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 10-დან 9 საჯარიმო), 14 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მეტოქეებს თამაშის წესების დარღვევა 6-ჯერ აიძულა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 31-ს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, გიორგი საუკეთესოდ მე-10, მე-12 (უნიკახელ ხაიმე ფერნანდესთან ერთად) და მე-14 ტურებშიც აღიარეს, დეკემბერში კი ის სულაც თვის კალათბურთელი გახდა.

საინტერესოა, რომ ქართველ ცენტრს სარაგოსასა და უნიკახაშიც საკმაოდ კარგი პერიოდი აქვს გატარებული, თუმცა, წინა ოთხ შემთხვევაში მას საუკეთესოდ მორაბანკ ანდორას რიგებში თამაშისას ასახელებდნენ.

ეს, ერთხელ მოხდა 2015-16 წლების სეზონში (30-ე ტურში) და 3-ჯერ – 2016-17 წლების სეზონში (მე-17, 25-ე და 32-ე ტურებში).

ვთქვათ ისიც, რომ მიმდინარე სეზონში საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტის (24.5) მიხედვით, შერმადინი მხოლოდ ბარსელონას ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს (25.3) ჩამორჩება, ქულებში (18.3) კი მეოთხეა.  

შეგახსენებთ, რომ იბეროსტარ ტენერიფე ესპანურ ლიგა ენდესაში 11 მოგებითა და 6 წაგებით მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 იანვარს, სტუმრად, სან პაბლო ბურგოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები