Thumbnail

იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილი ლივერპული ინგლისურ პრემიერლიგაში საოცარ სვლას განაგრძობს.

22-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედთან მოგების (2:0) შემდეგ, მერსისაიდელები ოლე გუნარ სულშერის გუნდს 30 ქულით უსწრებენ, მეორეადგილოსან სიტისთან კი უპირატესობა უკვე 16 ქულაა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ გასული მატჩის შემდეგ, გერმანელი სპეციალისტი კმაყოფილი იყო.

“დღეს დიდებულად ვითამაშეთ. ის ენერგია, რომელიც ბიჭებმა თამაშში ჩადეს, წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში მინდორზე აშკარად ვდომინირებდით.

სხვა დღეს, ალბათ უკვე შესვენებამდე სამ გოლს გავიტანდით. მერეც მომენტების უკეთ გამოყენება გვმართებდა.

ცხადია, იუნაიტედიც კარგი გუნდია და გარკვეულ მონაკვეთში მათაც შემოგვიტიეს, ამდენად, დაცვაზე გადართვა მოგვიხდა.

ბოლომდე ღია თამაში იყო და კარგია, რომ ბოლო წუთებზე ჩინებული გოლი გავიტანეთ. მაშინ ნამდვილად ამოვისუნთქე”.

საინტერესოა, რომ ლივერპულს პრემიერლიგის ეგიდით ენფილდზე უკვე 52 მატჩია არ წაუგია (42 მოგება, 10 ფრე) და ეს სერია 1001 დღეა გრძელდება, ჩემპიონატში ჩატარებული უკანასკნელი 31 თამაშიდან კი გუნდს 30 (!) აქვს მოგებული.

ცნობისთვის, 22 ტურში აღებული 64 ქულა სარეკორდო მაჩვენებელია ევროპის ტოპ-5 ლიგისთვის. აქამდე, საუკეთესო შედეგი – 62 ქულა მანჩესტერ სიტისა და მიუნხენის ბაიერნს ჰქონდათ, შესაბამისად, 2007-18 და 2013-14 წლების სეზონებში.

სწორედ ამის გამო, ქომაგებმა ლივერპული უკვე ჩემპიონად გამოაცხადეს, რასაც კლოპი არ ეთანხმება.

“მეც მესმოდა როგორ მღეროდნენ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. ცხადია, მათ ამას ვერ დავუშლი. ჩვენი ფანები უკვე წინა ტურებშიც ზეიმობდნენ. შეუძლიათ იმღერონ.

ასეთ სიტუაციაში, შესაძლოა, ყველა მოდუნდეს, მაგრამ ჩვენ – არა. მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მიზანს კიდევ 3 ქულით მივუახლოვდით, სხვა არაფერი.

როდესაც რაღაც კარდინალურად შეიცვლება, მე თავად გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი, ვინმე დაგვეწევა თუ – ვერა. პრემიერლიგაში ყველაფერი ხდება. 

ხუთშაბათს ვულვზს ვეთამაშებით და ეს, იოლი არ იქნება. ახლა, ტვინში მხოლოდ ეს შეხვედრა მიტრიალებს და სხვა რამეებისთვის ადგილი არ მრჩება”.

კომენტარები

ბოლო ამბები