Thumbnail
  • 10 000-კაციანი არენა მაღლივ კორპუსთან აშენდება
  • დარბაზი მზად 2021 წლის მაის-ივნისისთვის უნდა იყოს

თბილისში დაგეგმილი ევრობასკეტი 2021-ს მატჩებისთვის ახალი სპორტის სასახლე აშენდება, რომელიც 10 000 მაყურებელს დაიტევს.

ეს განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშების მასპინძლობის პატივი გასული წლის ზაფხულში ერგო.

მაშინ საუბარი სწორედ ახალი სპორტის სასახლის აშენებაზე იყო, თუმცა, მოგვიანებით გადაწვეტილება შეიცვალა და გამოცხადდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე დარბაზის რეკონსტრუქცია მოხდებოდა. შედეგად, არენის ტევადობა 2 000-დან 10 000 კაცამდე უნდა გაზრდილიყო.

ახლა, სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი სპორტის სასახლე უკვე არსებული დარბაზის მახლობლად აშენდება და 3 არენისგან შემდგარ სპორტულ კომპლექსს მივიღებთ.

“ახალ წლამდე ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული სპორტის სასახლის ერთი დარბაზის რეკონტსტრუქცია მომხდარიყო, თუმცა, შემდეგ მოხდა საკითხის დამატებით განხილვა.

ამ სასახლეს გვერდზე აქვს მიწის ნაკვეთი და მთელი გასული პერიოდის განმავლობაში ვამუშავებდით არქიტექტორთა ჯგუფებს, რათა გაგვერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა არსებულ ფართზე ახალი დარბაზის აშენება.

აღმოჩნდა, რომ არის საშუალება, არ მოხდეს ძველი სასახლის დემონტაჟი, არამედი აიგოს სრულიად ახალი 10-ათასკაციანი დარბაზი, რომელიც ევრობასკეტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

უკვე დავიწყეთ შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, ხვალიდან კი დაიწყება იმ მიწის გატანა, რომელიც არსებული სპორტის სასახლის მშენებლობის დროს გვერდზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დაიყარა. მოხდება სამშენებლო პოლიგონის მომზადება და უკვე არქტიტექტურულ ნაწილზე გადავალთ.

ახალი დარბაზი გვირაბებით დაუკავშირდება უკვე არსებულ შენობებს და ფაქტობრივად გვექნება ერთიანი სპორტული კომპლექსი 3 დარბაზით, გათვლილი, 10 000, 3 000 და 800 მაყურებელზე.

სათქმელია ისიც, რომ ახალ არენას ორდონიანი პარკინგი იქნება, რომელიც 400 მანქანაზე იქნება გათვლილი. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, იმაზე უკეთეს ინფრასტრუქტურას შევქმნით, ვიდრე ეს რეალურად სჭირდება ევროპის ჩემპიონატის მიღებას.

როგორც აღვნიშნეთ, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ორ-სამ კვირაში კი საზოგადოებას ახალი დარბაზის დიზაინსაც წარვუდგენთ. არსებული გათვლებით, მშენებლობის პროცესი 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება”.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2021 2-19 სექტემბერს უკვე ტრადიციულად ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისი, პრაღა (ჩეხეთი), მილანი (იტალია) და კიოლნი (გერმანია) მიიღებენ, ფინალური რაუნდი კი ბერლინში (გერმანია) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები