Thumbnail
  • ზაზა ფაჩულია კლეი ტომპსონის ახლო მეგობარია
  • საზეიმო საღამოს სტეფ კარიც ესწრებოდა

ქართველი ვეტერანი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კლეი ტომპსონისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს დაესწრო, სადაც გოლდენ სტეიტ უორიორსის ერთ-ერთი ვარსკვლავის მაისურის უკვდავყოფა მოხდა.

კლეი ვაშინგტონ სტეიტმა დააფასა, სადაც ამერიკელმა კალათბურთელმა 3 სეზონი გაატარა და დიდებული სტატისტიკა ჰქონდა. მოსალოდნელიც იყო, რომ NCAA-ს კლუბის დარბაზში ტომპსონის პირველნომრიანი მაისური აღმართეს და ის ხმარებიდან ამოიღეს.

ზაზა კლეის ახლო მეგობარია და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ტომპსონმა მისთვის მნიშვნელოვან მომენტში გვერდში ფაჩულია და უორიორსის კიდევ ერთი ლიდერი სტეფ კარი დაიყენა.

ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც ამჟამად გოლდენ სტეიტის მრჩეველია ბიზნესისა და კალათბურთის სააკითხებში, საღამოს გმირს ჰალსტუხი თავად გაუკეთა, სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოს კი ასეთი მინაწერი გაუკეთა.

“მოხარული ვარ, რომ იმ საღამოს მონაწილე ვიყავი, რომელზეც ჩემი ძმა კლეი ტომპსონი დააფასეს. გილოცავ, ეს, ნამდვილად დაიმსახურე. დიდებული კალათბურთელი, უკეთესი პიროვნება და ჩემი ძმა. დატკბი ამ მომენტით”.

როგორც აღვნიშნეთ, ტომპსონს ვაშინგტონ სტეიტში გატარებულ სამ სეზონში ჩინებული მაჩვენებლები ჰქონდა: საშუალოდ 17.9 ქულა, 4.8 მოხსნა, 2.6 პასი და 1.33 ჩაჭრა 98 მატჩში.

მის აქტივში 242 სამქულიანი და 1 756 ქულაა, რაც სკოლისთვის დღემდე სარეკორდოდ ითვლება. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ კლეი ვაშინგტონელთა ყველა კლუბის რიგებში ერთად აღებული, მხოლოდ მე-7 სპორტსმენი გახდა, ვისი მაისურიც ხმარებიდან ამოიღეს.

სხვათა შორის, საზეიმო საღამოს ვაშინგტონ სტეიტის ამერიკული ფეხბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკ როლოვიჩიც დაესწრო, რომელმაც ცერემონიის გმირთან ერთად, საკლუბო მაისურები ფაჩულიასა და კარისაც გადასცა.

შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტმა კლეი 2011 წლის დრაფტზე მე-11 ნომრად აიყვანა და მან უორიორსთან ერთად საჩემპიონო ბეჭედი 3-ჯერ მოიგო (2-ჯერ ზაზასთან ერთად).

ტომპსონს NBA-ში საშუალოდ 19.5 ქულა, 3.5 მოხსნა და 2.3 პასი აქვს, ამასთან 1 798 სამქულიანი აქვს ჩაგდებული, რაც ლიგის ყველა დროის ისტორიაში მე-18 მაჩვენებელია. 2018 წელს ამერიკელმა სნაიპერმა ერთ მატჩში 14 სამქულიანი მიითვალა და ეს, NBA-ს სარეკორდო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მსგავსი საღამო მიჩიგან სტეიტ სპარტანსმა ფაჩულიას კიდევ ერთ ყოფილ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინს მიუძღვნა და ზაზა და კლეი იმ ცერემონიის მონაწილეებიც იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები