Thumbnail
  • მაკგრეგორისა და სერონეს ბრძოლას ფლოიდ მეივეზერი გამოეხმაურა
  • ლეგენდარულმა მოკრივემ ინსტაგრამზე 2 პოსტი გამოაქვეყნა
  • ფლოიდი დაინტერესებულია, კონორსაც შეხვდეს და ხაბიბსაც

კონორ მაკგრეგორი UFC-ში შთამბეჭდავი გამარჯვებით დაბრუნდა! 246-ე ბრძოლის ღამეს ირლანდიელი ნევადაში MMA-ს ლეგენდას, დონალდ 'კოვბოი' სერონეს დაუპირისპირდა და ბრძოლა 40 წამში, ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე წუთი იყო გასული, როდესაც კრივის ლეგენდამ, ფლოიდ მეივეზერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მისი და კონორის მეორე შესაძლო ბრძოლის შესახებ მიუთითებს. ფოტოზე ვხედავთ წარწერას: “მეივეზერი-მაკგრეგორი 2 2020”.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერი და მაკგრეგორი ერთმანეთს 2017 წლის აგვისტოში, კრივის წესებით დაუპირისპირდნენ და ბრძოლა ფლოიდმა მე-10 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. ეს დეკადის ერთ-ერთი უდიდესი ივენთი იყო კრივში და ფაქტია, რომ მეორე ბრძოლა კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს. ეს კარგად იციან როგორც მეივეზერმა, ისე მაკგრეგორმა და, რა თქმა უნდა, UFC-ის ბოსმა დანა უაითმა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ მეორე დუელი შედგეს. 

კონორისა და სერონეს ბრძოლის შემდეგ დანა უაითმა განაცხადა, რომ არ სურს, მაკგრეგორი ისევ რინგზე იხილოს, თუმცა აღიარა, რომ ფლოიდ მეივეზერთან ამ თემაზე კონტაქტი აქვს. “ჩვენ ფლოიდთან დაკავშირებით რამეს გავაკეთებთ. ფაქტია, რომ მეივეზერი ჩვენს გეგმებშია და ჩვენც ვართ მის გეგმებში. ერთი სიტყვით, წელს ფლოიდთან ერთად აუცილებლად გავაკეთებთ რამეს,” - განაცხადა UFC-ის შეფმა. ცნობილია, რომ მისი მთავარი მიზანი მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის მეორე დუელია.

თავად მეივეზერმა კი ცოტა ხანში, ინსტაგრამზე მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო ბრძოლა დააანონსა. 

კომენტარები

ბოლო ამბები