Thumbnail
  • რა პრობლემები ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ბატე-ში.
  • 23 წლის ფეხბურთელი შვეიცარულ ფეხბურთზე, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზე.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვალერიან გვილიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბელარუსის ბატე დატოვა და შვეიცარულ ლუცერნში გადავიდა, ყოფილ და ამჟამანდელ კლუბებზე ილაპარაკა.  

ცნობილია, რომ ვაკოს ბორისოვის კლუბში ბოლოს თამაში პრაქტიკულად არ უწევდა, რისი მიზეზიც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტური სიტუაცია იყო. თუ რა გადახდა თავს ბელორუსში, 23 წლის ფეხბურთელმა ბლოგერ ალეკსანდრ ივულინს უამბო.

ზუგდიდში დაბადებული ვაკო გვილია უკრაინაში ზაპოროჟიეს მეტალურგში (2012-15 წლებში) გამოდიოდა, საიდანაც ბელარუსში გადაბარგდა და იქ მინსკისა (2016) და ბორისოვის ბატე-ს (2016-18) ღირსებას იცავდა. ამ ზამთარს გვილია შვეიცარულ ლუცერნში გადავიდა.

გვილიას ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდებს გთავაზობთ. 

ჯერ ბატე, შემდეგ ნაკრები, ჰერტა და ლაიპციგი...

"ბატე-ში კარგი მეგობრები დავტოვე, რომლებთანაც აქამდე მაქვს კავშირი. თუმცა, ამ კლუბში არის რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც არცთუ სასიამოვნო ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ უამისოდ არ ხდება ხოლმე…
 
თავის დროზე, როდესაც ბატე-ში მიმიწვიეს, რამდენიმე ვარიანტი მქონდა. საბოლოოდ არჩევანი ბორისოვზე შევაჩერე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არაფერს ვნანობ.

ქართველი ფეხბურთელი ბელარუსის გუნდს მალევე შეეწყო, მაგრამ...

ბატე-ში ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია. იქ მაღალი კლასის ფეხბურთელები და კარგი სამწვრთნელო შტაბი დამხვდა. თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს და პირველსავე დღიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ კლუბში ძალიან დიდი ხანი ვთამაშობდი. რაც შეეხება კონკურენციას, ბატე დიდი კლუბია, რომელიც მუდმივად თამაშობს ევროთასებზე და შესაბამისად, კონკურენციისთვის მზად ვიყავი. ვცდილობდი, თავის გამოჩენის შანსი გამომეყენებინა:

ვცხოვრობდი ბაზაზე, ვფიქრობდი მხოლოდ ფეხბურთზე, ვიცავდი რეჟიმს და კეთილსინდისიერად ვვარჯიშობდი. მწვრთნელი თავიდან მენდობოდა და მეც ვცდილობდი, არ დამეღალატებინა ის.

ბატე-ს მაისურით ზედიზედ სამ მატჩში გავიტანე და საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს. ყველაფერი ბრწყინვალედ აეწყო. რომ არა გუნდის ევროთასებიდან გამოვარდნა, ის სეზონი ბრწყინვალე გამოვიდოდა.

იმ შემოდგომით ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ირლანდიასთან გასვლით მატჩში მქონდა. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ ბევრმა აღნიშნა, რომ იმ შეხვედრაში ურიგოდ არ მითამაშია. რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე უელსთან ფრედ ვითამაშეთ. და ყველამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. იმ მატჩს ბევრი სკაუტი ესწრებოდა და შესაბამისად, ხმები დაირხა. 

წარმატებული სანაკრებო მატჩების შემდეგ ვაკო ჰერტასა და ლაიპციგს დაუკავშირეს

ჰერტასა და ლაიპციგის ინტერესებზე სოციალური ქსელიდან შევიტყვე, თუმცა, იმ ზამთარს რამდენიმე სერიოზული წინადადება სხვა კლუბებიდან მივიღე.  საკმაოდ სოლიდურ თანხასაც მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემი ოცნება ტოპ-ჩემპიონატის გუნდში მოხვედრა იყო და ამიტომ ისევ ბატე-ში დარჩენა ვამჯობინე".

საქართველოს ნაკრები - კონფლიქტის მიზეზი?

"შარშან გაზაფულზე შემადგენლობაში ვეღარ ვხვდებოდი. აპრილში ზედიზედ რამდენიმე მატჩი გამოვტოვე, სათადარიგოთა შორის ვიჯექი. ეს ნორმალური პრაქტიკაა ბატე-ს დონის კლუბებში. უნდა გაიაზრო, რომ რაღაც მომენტში შესაძლოა, კონკურენტი უკეთ გამოიყურებოდეს. რა უნდა გააკეთო? უფრო მეტი უნდა იშრომო, რათა დაუმტკიცო სამწვრთნელო შტაბს შენი შესაძლებლობები. მეც გაორმაგებული ენერგიით ვვარჯიშობდი, რათა კვლავ დავბრუნებულიყავი შემადგენლობაში.

საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ცხოვრების ოცნებაა და ყოველი გამოძახება ისეთივეა, როგორც - პირველი. 

ივნისის დასაწყისში ბატე დნეპრთან თამაშისთვის ემზადებოდა, დაახლოებით იმავე პერიოდში კი საქართველოს ნაკრები მოლდოვასთან ამხანაგური შეხვედრისთვის იკრიბებოდა. მივედი ერმაკოვიჩთან (ბატე-ს მწვრთნელი) და ვთხოვე ეროვნულ გუნდში გაშვება, რათა სათამაშო პრაქტიკა მიმეღო. რა აზრი ჰქონდა ბატე-ს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, თუკი ნაკრები თამაშის შესაძლებლობა იყო? ამას არ მოვითხოვდი, ბორისოვის კლუბისთვის საჭირო რომ ვყოფილიყავი. 

მაგრამ მწვრთნელი გაგებით არ მოეკიდა ჩემ თხოვნას და ბუნებრივია, ამან ძალიან გამანაწყენა. ბედის ირონიით, ვარჯიშის დროს ტრავმა მივიღე - გადამიბრუნდა კოჭი. სურათზე გამონდა, რომ მოტეხილობა არ იყო და ვინაიდან დნეპრთან შეხვედრის განაცხადში ვერ მოვხვდი, ნაკრების შეკრებაზე გამოვცხადდი. აქვე უნდა ვთქვა, რომ დიაგნოზი არავინ მაცნობა. უბრალოდ, მეუბნებოდნენ, რომ სერიოზული არაფერი იყო. 

ვაკო გვილიამ ნაკრების 11 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრებში პირველი სამი დღე არ მივარჯიშია. ვიტარებდი პროცედურებს, რომელსაც გამოჯანმრთელების პროცესი უნდა დაეჩქარებინა. საბოლოოდ, ნაკრებმა უჩემოდ ითამაშა, მე კი შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან მივადევნე. კლუბში დაბრუნების შემდეგ დაახლოებით სამი კვირა გამიცდა. აღმოჩნდა, რომ მყესები მქონია დაჭიმული. ჩემთვის დროულად რომ ეცნობებინათ დიაგნოზი, ნაკრებში მაინც ჩავიდოდი, ოღონდ, მხოლოდ იმისთვის, რომ გუნდთან ერთად ვყოფილიყავი. მეგონა, რომ ყველაფერი ასე სერიოზულად არ იყო და ამიტომაც მოვინდომე ჩემი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის დახმარება.

ზოგი ჭირი მარგებელია

უმადურობა იქნება, თუკი ბატე-ს მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის მადლიერი არ ვიქნები. სწორედ მათი წყალობით ვითამაშე ბატე-ში და შემდეგ - საქართველოს ნაკრებში.

ოღონდ, გასული წლის მიწურულს, ჩემი აზრით, ისინი უბრალოდ, დამცინოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სულ 15 წუთით ვითამაშე, მათ მიმართ გულში ბოროტება არ მიდევს.

ვაკო ტოპ-ჩემპიონატში მოსახვედრად შვეიცარიას კარგ ტრამპლინად განიხილავს

სხვა მხრივ, რომ არა ეს ვითარება, ლუცერნში არ აღმოვჩნდებოდი. მთლიანობაში, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის: როგორც კარგისთვის, ისე ცუდისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ბატე-მ ძლიერი გამხადა. არავის განვსჯი, ყველას თავისი სიმართლე აქვს.

შვეიცარიაში ნაპოვნი ბედნიერება

როდესაც შვებულებაში მივდიოდი, ბორისოვიდან თან ყველა პირადი ნივთი წავიღე. კლუბის შეცვლა უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. იყო რამდენიმე კონკრეტული წინადადება, რომლებიც ჩემ მიზნებსა და ამბიციებს დიდად არ შეესაბამებოდა და შვებულება რომ დასრულდა, ბატე-ში დავბრუნდი. უკვე ვემზადებოდი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე წასასვლელად, რომ მოულოდნელად ლუცერნის ვარიანტი გამოჩნდა. ბატე-ს ხელმძღვანელობა ჩემ გაშვებას დათანხმდა…

ვაკომ ლუცერნის მაისურით ჯერ სულ სამ მატჩში ითამაშა

ლუცერნში ბედნიერი ვარ. ჯერ ერთი, კარგ კლუბში აღმოვჩნდი. მეორეც, ლუცერნი შვეიცარიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. რაც მთავარია, გუნდში ძალიან თბილად მიმიღეს. ჩანს, რომ მთავარი მწვრთნელი დაინტერესებულია ჩემით.

მართალია, გარკვეული ენობრივი ბარიერი არსებობს, რადგან გუნდში ძირითადად გერმანულად საუბრობენ, მაგრამ მწვრთნელი ინგლისურად მელაპარაკება. გერმანულის შესწავლას მაინც ვაპირებ, რათა კომუნიკაცია გავაიოლო. უკვე ვემზადები რეპეტიტორთან.

როდესაც ლუცერნში გადავედი, გუნდი ბოლოსწინა ადგილზე იყო. ახლა ცხრილის შუაში ვართ. აქაური ჩემპიონატი დაძაბულია - ყველას ყველასთან შეუძლია მოგება. ჯერჯერობით, აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს. 

მკაცრი მწვრთნელი

39 წლის ხერარდო სეოანე ფეხბურთელებს მოდუნების უფლებას არასდროს აძლევს

წლის დასაწყისში ახალი მთავარი მწვრთნელი ხერარდო სეოანე მოვიდა. საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ მკაცრი მწვრთნელია. 

მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა სამუშაო ვიზა. გუნდმა მოიგო და ბიჭებმაც მომდევნო ვარჯიშზე თავს მოდუნების უფლება მისცეს. ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელს ასე მოეჩვენა და მაშინვე შეწყვიტა წვრთნა:

"თქვენ სულ გაგიჟდით? გგონიათ, რომ ერთი მატჩი მოიგეთ და შეგიძლიათ მოეშვათ? ჩემთვის შეუცვლელი არავინაა. თუკი მთელი მომდომებით არ იმუშავებთ, ვერ ითამაშებთ. დაიმახსოვრეთ ეს!" 

ამის შემდეგ ყველამ გაცილებით მონდომებით დაიწყო ვარჯიში.

შვეიცარიიდან ტოპ-ლიგაში

ვაკოს შვეიცარიაში ასეთ გარემოში უწევს თამაში

ძალიან მინდა ტოპ-ჩემპიონატში თამაში. გასაგებია, რომ შვეიცარიიდან უფრო იოლია იქ მოხვედრა. რაც უნდა იყოს, აქაურ ჩემპიონატში სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე ბელარუსის პირველობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ აქაური გუნდები გერმანულ ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევრები არიან. შვეიცარიაში სტადიონები და ტურნირის გაშუქებაც სულ სხვა დონისაა.

ახლა მთელი ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილო, რომ მაქსიმალურად დიდი სარგებელი მოვუტანო ლუცერნს, დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები