Thumbnail

იუვენტუსი ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს - რაკიტიჩი თანახმაა

  • იუვენტუსი ბარსელონას ბერნარდესკის რაკიტიჩში გაცვლას ისევ სთავაზობს
  • კატალონიელებმა ტურინელები უარით შარშან ზაფხულში უკვე გაისტუმრეს
  • 31 წლის ხორვატი ნახევარმცველი წინააღმდეგი არაა, იტალიაში წავიდეს

ტურინის იუვენტუსი ბარსელონასთან ფეხბურთელების გაცვლით ისევ დაინტერესებულია. იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიური კლუბი კატალონიელებს თავის ნახევარმცველს, ფედერიკო ბერნარდესკის სთავაზობს, სანაცვლოდ კი ივან რაკიტიჩისა და კომპენსაციის მიღება სურს.

მაურიციო სარი ბერნარდესკის გაშვებას არ ეწინააღმდეგება

იუწყებიან, რომ ასეთი გარიგებით დაინტერესებულია იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი, თუმცა ბერნარდესკის პოზიცია უცნობია. თავის მხრივ, იტალიაში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის რაკიტიჩი, რომელსაც ზოგიერთი წყაროს ცნობით, იუვენტუსთან გარკვეული შეთანხმებაც მიღწეული აქვს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტურინელები ბარსელონას ხორვატი ნახევარმცვლის გადაბირებას ცდილობენ. იუვენტუსმა კატალონიურ კლუბს ნახევარმცველების გაცვლა შარშან ზაფხულშიც შესთავაზა, მაგრამ მაშინ უარი მიიღო. ზოგადად, პრობლემა გარიგების ფინანსური მხარეა, რადგან ფეხბურთელების ასაკში სხვაობის გამო, რომელიც 6 წელს შეადგენს, ტურინელებს ფინანსური კომპენსაციის მიღებაც სურთ.

უცნობია, სურს თუ არა 25 წლის იტალიელს ტურინის დატოვება

25 წლის ფედერიკო ბერნარდესკი ტურინის იუვენტუსში 2017/18 წლების სეზონიდან გამოდის, სადაც ფიორენტინადან 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონების რიგებში 89 მატჩში 9 გოლი შეაგდო. ნახევარმცველმა სერია A-ს მიმდინარე  სეზონში 14 მატჩში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

31 წლის ივან რაკიტიჩი ბარსელონაში სევილიადან, 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბში ჩატარებულ 287 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში ხორვატმა ლა ლიგაში ბარსას მაისურით 13 მატჩში ითამაშა, აქედან სასტარტოში კი მხოლოდ 6-ჯერ იყო. მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 19 ტურის შემდეგ ბარსელონას 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს მადრიდის რეალთან დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერობს. მომდევნო მატჩს კიკე სეტიენის გუნდი 19 იანვარს, შინ გრანადასთან გამართავს.

ტურინის იუვენტუსი იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილს 19 ტურის შემდეგ 48 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 2 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს სარის გუნდი 19 იანვარს, შინ პარმასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები