Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 116:114 მინესოტა ტიმბერვულვზი
  • გოგა ბითაძემ ამჯერად მოედანზე 10 წუთზე მეტი გაატარა
  • მატჩის ბედი მალკოლმ ბროგდონის 2-ქულიანმა გადაწყვიტა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა, რომელმაც მინესოტასთან ზედიზედ მეორედ, ამჯერად საკუთარ მოედანზე ითამაშა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ კვლავ აჯობა. მინესოტაში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად პეისერსის უპირატესობამ სულ 2 ქულა შეადგინა. 

ტიმბერვულვზთან ორი დღის წინ ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო შედეგიანი იყო ინდიანას ქართველი ცენტრიც - გოგამ მოედანზე 10:19 წუთი გაატარა და 5 ქულა მიითვალა.

გოგას მეტოქეებმა ორჯერ ჩატენვაში ხელი ვერ შეუშალეს

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის ფარს ორქულიანით ორჯერ შეუტია და ორივეჯერ ზუსტად. გოგამ ორიდან ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, კიდევ ერთი სამქულიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე ასევე ერთი მოხსნა იყო. ბითაძის პლუს-მინუს კოეფიციენტი 6 იყო.

📺 გოგა ბითაძის მომენტები

"ბანკერს ლაიფ ფილდჰაუსში" თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ანგარიშში დიდწილად წინ იყვნენ, კომფორტული უპირატესობის მოპოვებას ვერაფრით ახერხებდნენ და მატჩის მიწურულიც დრამატული გამოვიდა. სტუმართა ცენტრმა კარლ-ენტონი ტაუნსმა 1:48 წუთით ადრე ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა და ანგარიში გაათანაბრა - 114:114. მაგრამ მინესოტამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, დარჩენილ დროში ჩაგდება მხოლოდ მალკოლმ ბროგდონმა მოახერხა და გამარჯვება ისევ ინდიანას დარჩა.

📺 ინდიანა 116:114 მინესოტა (ბოლო წუთები)

მასპინძლებს ტი ჯეი უორენმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა მიითვალა (პლუს: 5 მოხსნა, 2 პასი). მალკომ ბროგდონი კი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 12 ქულა, 10 მოხსნა. სტუმართა რიგებში შედეგიანი კარლ-ენტონი ტაუნსი იყო, 27 ქულით, ენდრიუ უიგინსმა კი თამაში 22 ქულით დაასრულა.

ინდიანა პეისერსმა ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ბითაძის გუნდს ახლა 42 მატჩში 27 მოგება აქვს და აღმოსავლეთის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას  იკავებს. ინდიანას მომდევნო შეხვედრის ჩატარება 20 იანვარს, სტუმრად დენვერ ნაგეტსთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები