Thumbnail
  • ქართველი მორაგბეები კანის მახლობლად 20-22 იანვარს შეიკრიბებიან
  • ბორჯღალოსნებს ტურნირის სტარტზე რუმინეთთანა და ესპანეთთან მატჩები ელით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩისთვის (1 თებერვალს, თბილისში - რუმინეთთან, 9-ში, მადრიდში - ესპანეთთან) მზადებას განაგრძობს და ამ მიზნით, 20-22 იანვარს, შეკრებას საფრანგეთში გაივლის. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მყოფი მორაგბეები კვირაში რამდენიმე დღე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე იკრიბებოდნენ და უნარების დასახვეწად ვარჯიშობდნენ. ეს ჯგუფი საფრანგეთში, კანის მახლობლად მდებარე ქალაქ მანდელიუში 19 იანვარს მიემგზავრება, სადაც მას ლეგიონერები შეუერთდებიან და მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, სამდღიან შეკრებას გაივლიან. ლევან მაისაშვილი, რომელიც ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გაწვრთნის აღნიშნულ ამბავს ასე გამოეხმაურა.

ლევან მაისაშვილი
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

"ადგილობრივ ჯგუფთან ერთად, უნარ-ჩვევებზე ყოველკვირეულად ვმუშაობდით. ამავდროულად, ხდებოდა ტრავმირებული მოთამაშეების რეაბილიტაცია. რაც შეეხება ფრანგულ შეკრებას, მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაცია ჩვენთვის აუცილებელია, რადგან მოთამაშეთა დიდ ნაწილს ლეგიონერები წარმოადგენენ.

მათი უმრავლესობა, სათამაშო კვირაში სამშაბათამდე ვერ ახერხებს შეკრებაზე შესვლას და პრაქტიკულად, თამაშის წინ მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვიწევს. ეს 3-დღიანი შეკრება კი შეტევისა და დაცვის სქემების დამუშავებაში და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტის დახვეწაში დაგვეხმარება“.

საქართველოს ნაკრები მანდელიუში 34-კაციანი შემადგენლობით შეიკრიბება და მათი უმრავლესობა ის მორაგბეები არიან, რომლებმაც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ითამაშეს.

გაფართოებულ შემადგენლობაში 20 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მორკინალებიდან 14 მორაგბე ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ორ-ორი ინგლისურ და რუსულ კლუბში გამოდის, ორი კი დიდ 10-ს წარმოადგენს. ხაზის 14 მოთამაშიდან 8 შიდა ჩემპიონატის წარმომადგენელია, 4 ლეგიონერი საფრანგეთიდანაა, ხოლო ორი - რუსეთიდან.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მსოფლიო თასის შემდეგ, მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციას გადის. შესაბამისად, ის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მიხეილ გაჩეჩილაძე
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

გაფართოებულ შემადგენლობაშია მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც 2018 წელს ნაკრების მაისური 8-ჯერ მოირგო. 2018 წლის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება ბურჯი გიორგი თეთრაშვილი. მის ანგარიშზე 9 კეპია. გამოძახებულთა შორისაა უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, შუამარბი დემურ თაფლაძე, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში ჯერ არ უთამაშია.

"ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გავწვრთნი და არ მაქვს იმის შესაძლებლობა, გრძელვადიანი გეგმები დავსახო და ექსპერიმენტები ჩავატარო. აქედან გამომდინარე, ამ მოკლე პერიოდში იმ ბირთვზე გვექნება გათვლა, რომელმაც მსოფლიო თასზე ითამაშა.

გარდა ამისა, არ ვთვლი, რომ თუ მოთამაშეს ასაკიდან გამომდინარე მომავალ მსოფლიო თასზე სავარაუდოდ აღარ მოუწევს თამაში, დღესვე უნდა გავწყვიტოთ მასთან კონტაქტი. დღეს ჩვენი მოცემულობა რაგბი ევროპის ჩემპიონატია და შედეგთან ერთად, კარგი, შემტევი, აგრესიული რაგბი უნდა ვითამაშოთ. ვინც მიმაჩნია, რომ დღესდღეისობით ყველაზე მეტად არის მზად ამისთვის, არჩევანი მათზე შევაჩერე, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ყველა გუნდის სამიზნეა და ჩვენს წინააღმდეგ მაქსიმალური მოტივაციით ითამაშებენ. ჩვენი მიზანია, რომ ამ მოკლე პერიოდში შევთამაშდეთ და შედეგთან ერთად, მაყურებელს სანახაობრივი რაგბი შევთავაზოთ“, – ამბობს მაისაშვილი.

ალექსანდრე კასტოლა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

აღსანიშნავია, რომ ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს შერკინების ახალი მწვრთნელი ფრანგი ალექსანდრე კასტოლა შეუერთდება. 40 წლის სპეციალისტი ჩვენს გუნდთან ერთად რაგბი ევროპის დასრულებამდე იქნება. კასტოლა სხვადასხვა კლუბებში მუშაობის გარდა, ფრანგი ბურჯების უმრავლესობას ინდივიდუალურად ავარჯიშებს.

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი, 4-5), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), გიორგი კვესელაძე (ჯიქი, 12), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), მირიან მოდებაძე (აია, 11, 14, 15), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეკრებისთვის 34 კაციანი რაზმი დასახელდა 🏉 20-22 იანვარს ნაკრები სრული შემადგენლობით...

Posted by Georgian Rugby on პარასკევი, 17 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები